კოკა გუნცაძე: „კარდაკარის“ პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის ყველა პასუხისმგებელ ინსტანციას მივმართავთ

კოკა გუნცაძე: „კარდაკარის“ პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის ყველა პასუხისმგებელ ინსტანციას მივმართავთ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარის კოკა გუნცაძის განცხადებით, „ამომრჩეველთა ლიგის“  „კარდაკარი“ უკვე დაიწყო თბილისში, დღეს დაიწყება ზუგდიდში და მალე საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

გუნცაძის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული „კარდაკარი“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაწილია და ისინი სიების დაზუსტების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის ყველა პასუხისმგებელ ინსტანციას მათ შორის, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას მიმართავენ.

„კარდაკარის მიზანი გასაგებია,  ჩვენ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას უნდობლობა გამოვუცხადეთ და ალტერნატიული „კარდაკარ“ შემოვლის გზით  ამომრჩეველთა სიის დაზუსტება გადავწყვიტეთ. ეს პროცესი დაწყებულია უკვე თბილისში, დღეს დაიწყება ზუგდიდში, რაც ერთობლიობაში  მილიონზე მეტ ამომრჩეველს მოიცავს და  დაახლოებით,  ამომრჩეველთა ერთიანი სიის 40% -ია. ჩვენ დავდებთ ფაქტებს, რამდენი გარდაცვლილი, რამდენი დაუდგენელი პირი და  რამდენი უცხოეთში მყოფია სიაში და ამ ფაქტებს  ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა ინსტანციას გადავცემთ, რომელსაც  ეკუთვნის რეაგირება მოახდინოს ამ დარღვევებზე“,  - განაცხადა გუნცაძემ.

გუნცაძის თქმით, „ამომრჩეველთა ლიგა“ „კარდაკარის“ პროექტის დასრულებისთანავე,  მეორე პროექტს, დაკვირვებას საარჩევნო უბანზე განახორციელებს.

„დაკვირვება საარჩევნო უბანზე  ძალიან მასშტაბური პროექტი იქნება. დაკვირვება მოხდება, როგორც არჩევნების დღეს,  ისე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და ამის თაობაზე აუცილებლად შეგატყობინებთ“, - განაცხადა გუნცაძემ.

შეკითხვის პასუხად,  „ამომრჩეველთა ლიგის“, „ქართული ოცნებისა“  და სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ, წარმოებული „კარდაკარი“ მოგვცემს თუ არა მომავალ არჩევნებისთვის ამომრჩევლის სრულყოფილ სიას, აცხადებს, რომ „ამომრჩეველთა ლიგა“ სრულყოფილ სიას დადებს, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის სიის ეეჭვება და აღნიშნავს, რომ „მეეჭვება ხელისუფლებას პატიოსანი და სამართლიანი არჩევნები უნდოდეს.  რომ ვუყურებ საითაც მიჰყავს მოვლენები, ჩვენი ვალია ეს სია დავდოთ“,- განაცხადა გუნცაძემ.

რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ მიერ,  წარმოებულ „კარდაკარს“ აცხადებს, რომ მათ სიების დაზუსტების გარდა,  სხვა მიზანიც აქვთ, რაც თავიანთი ამომრჩევლის იდენტიფიცირებასა და  პროპაგანდას გულისხმობს.

„ქართული ოცნების და „ამომრჩეველთა ლიგის“ მიზნები განსხვავდება. ჩვენ სხვადასხვა ამოცანები გვაქვს. მათ სიების დაზუსტების პარალელურად, საკუთარი ამომრჩევლის იდენტიფიცირება და  პროპაგანდა აქვთ მიზნად დასახული“, - განაცხადა გუნცაძემ.