„რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებას ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით, „რომ ყველა სატელევიზო არხის გადაცემა, ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით უნდა მოხდეს“ დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მთავარია, ეს ყოველივე დოკუმენტში როგორც აისახება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში გვქონდა შეტანილი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ყველა ლიზენცირებული ტელევიზია ყველა საკაბელოში უნდა იყოს. ვფიქრობ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა დაველოდოთ და ვნახოთ, მისი განცხადება დოკუმენტში როგორ აისახება“, - განაცხადა ტუღუშმა.
ტუღუშის განცხადებით, „მასთ ქერის“ პრინციპის დანერგვას უამრავი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მედიის წარმომადგენლები, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ელჩები, პოლიტიკური პარტიები უჭერდნენ მხარს და ამ ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო.
„საქმე ის გახლავთ, რომ ძალიან დიდი მოძრაობა შეიქმნა, რომელიც ამ პოზიციას იზიარებდა. ყველა უჭერდა მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. მაგრამ როდესაც ასეთი დიდი ერთსულოვნება და ასეთი სერიოზული მხარდაჭერა აქვს, რომელიღაც აზრს, თუ პოზიციას ის ყოველთვის რეალობა ხდება. ჩემი აზრით, ამან გაამართლა და შესაბამისად, უმრავლესობამაც ეს ნაბიჯი გადადგა“, - განაცხადა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა სატელევიზიო არხს მიეცემა საშუალება უფრო მეტ ამორჩეველს, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მიაწვდინოს ხმა და სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა გაიზარდოს.
„ეს გულისხმობს, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით მოხდეს. ეს შეეხება ყველა სატელევიზიო არხს და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია. ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს. საბოლოო ჯამში ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.