არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელსაც პარლამენტი ამ ეტაპზე განიხილავს. ამის შესახებ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საიამ, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ და „საქართველოს არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ განცხადება გამოაქვეყნეს.
ცვლილებების მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანილ იქნებიან ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ და ასევე ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირის მიერ კომისიისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ პირებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში. მათი რაოდენობა კი დაახლოებით 80 ათასს შეადგენს. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში მისი პირადობის მოწმობა უქმდება რეგისტრაციის ნაწილში, ხოლო პირადობის დადასტურების ნაწილში იგი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
„გაუქმებული რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება ნიშნავს, რომ ძალადაკარგულ მონაცემებს ენიჭებათ სამართლებრივი ძალა, რაც მიუღებელია. გარდა ამისა, არსებობს იმის რისკიც, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილმა ამომრჩევლებმა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე გაიარონ რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ერთდროულად აღმოჩდნენ ორი საარჩევნო უბნის სიაში, რაც შეამცირებს კომისიის შანსებს მოახდინოს ასეთი შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და უზრუნველყოს სიების სიზუსტე“, - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის სადავო ნორმა სწორედ ძალადაკარგულ მონაცემს, ანუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რეგისტრაციას უკავშირდება, რაც მათი თქმით სამართლებრივ ნონსენსს წარმოადგენს.
განცხადების თანახმად, დაახლოებით მსგავსი შემთხვევა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც დაფიქსირდა, ოღონდ რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებით, რაც მათი თქმით, ხაზს უსვამს კანონპროექტით დღეისათვის შემოთავაზებული ნორმის კიდევ უფრო მეტად პრობლემატურობას.
„მიგვაჩნია, რომ მოცემული მიზნის მისაღწევად კანონშესაბამისი მიდგომა უნდა იყოს შერჩეული. კერძოდ, სახელმწიფომ უნდა აწარმოოს ფართობასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და მოუწოდოს რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეებს გაიარონ რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დღეს, როდესაც არჩევნებამდე საკმაო პერიოდია დარჩენილი, ეს სრულიად შესაძლებელია. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ნორმის მიღება დაუშვებელია, რადგან ზიანს აყენებს ამომრჩეველთა სიების სიზუსტეს და წინააღმდეგობაში მოდის მთლიანად საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებასთან“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.