ბაღათურია - აჭარაში ანტიქართული ძალების ბოგინი არ მოხდება

ბაღათურია - აჭარაში ანტიქართული ძალების ბოგინი არ მოხდება

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აჭარის ხელახლა დაკარგვის საფრთხეებზე საუბრობს.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თურქეთის 25 000 მოქალაქეს აჭარაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა და მოახლოებული არჩევნების დროს მათ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება ექნებათ.

მისივე ინფორმაციით, ძალიან დიდი აგიტაცია-პროპაგანდა არის გაჩაღებული თურქეთისა და აჭარის ტერიტორიებზე, თითქოს აჭარა თურქეთის ნაწილია და 100 წლის წინ ის თურქებს საქართველომ წაართვა.

"ამაზე თურქეთში ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალები ხმამაღლა ლაპარაკობენ. მას გულშემატკივრებად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჰყავს. ჩვენი ხელისუფლების ასეთი სამარცხვინო, მოღალატეობრივი სიჩუმე სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათოა, მით უმეტეს, როცა ასეთ ინფორმაციას 80 მილიონამდე, ძლიერი, შეიარაღებული არმიის სახელმწიფო ავრცელებს. მინდა, გავიხსენო, რა საბაბით შემოიჭრა რუსული საოკუპაციო ჯარი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში,  რად დაურიგეს პასპორტები აფხაზებსა და ოსებს, შემდეგ კი მათი მოქალაქეობის დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. თურქეთის მომავალ არჩევნებში ასეთმა ძალებმა რომ გაიმარჯვონ, ანალოგიურად შეიძლება ეს მეთოდი იყოს გამოყენებული. ბატონებო, ჩვენ ვკარგავთ აჭარას. მისი ხელახალი დაკარგვის საფრთხე რეალურია", - მიმართა ჯონდი ბაღათურიამ.

მანვე მოუწოდა სახალხო კრებას, დემოკრატიულ მოძრაობას, „თავისუფალ საქართველოს“, კოალიცია “ქართულ ოცნებას” და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ 30 ივნისს 19.00 საათზე  აჭარის გადასარჩენად ყველანი ერთად დადგნენ. მისივე თქმით, ბათუმელების გადაწყვეტილებით, ისინი იუნკრების საფლავზე შეიკრიბებიან.

“ეს იქნება ჩვენი სამოქალაქო პროტესტი და გაფრთხილება ყველა ანტიქართული ძალისა საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აჭარაში, რომ აჭარა არის ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ნაწილი, გული, ტვინი და ხერხემალი სახელმწიფოსი. საქართველო არავის დაუთმობს აჭარას და არავის აპატიებს იმას, რომ იგი ანტიქართული ძალების ბოგინისა და იმ სიბინძურის ასპარეზი გახდეს, რასაც აჭარაში თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები ერთად აკეთებენ”, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.