ბაგრატის ტაძრის ინტერიერი ლიფტითა და შუშის იატაკით აღარ დაირღვევა

ბაგრატის ტაძრის ინტერიერი ლიფტითა და შუშის იატაკით აღარ დაირღვევა

საქართველოს საპატრიარქო  ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე და  მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე ლიფტი აღარ დამონტაჟდება და  ძეგლის მეორე სართულზე  შუშის იატაკის გამოყენება აღარ მოხდება.

„22 ივნისს, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ტაძრის დასავლეთ მკლავის პროექტის ავტორი, არქიტექტორი ბატონი ანდრეა ბრუნო. ის გაგებით შეხვდა ეკლესიის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში შუშის ნაცვლად ისეთი მასალის გამოყენებას, რომელიც არ დაარღვევს ეკლესიის ინტერიერს, მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება ქვის ფაქტურასთან და შესაძლებლობისამებრ დაუმახინჯებლად აღადგენს ტაძრის შიდა სივრცეს. ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ აღარ იქნება საუბარი ლიფტის დამონტაჟებაზე და არც შუშის გამოყენებაზე მეორე სართულის იატაკზე. ბატონმა ბრუნომ რამდენიმე დღეში უნდა წარმოადგინოს პროექტის ახალი ვარიანტი აღნიშნულის გათვალისწინებით“, - ნათქვამია საპატრიარქოს  განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მიიღო.

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქო არის ინიციატორი და მხარს უჭერს ბაგრატის ტაძრის აღდგენას, ოღონდ იმ სახით, რომელიც მას ძველ იერს მაქსიმალურად დაუახლოვებს.