„ეს შენ გეხება“ დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება

„ეს შენ გეხება“ დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება

სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ტელეკომპანია იმედის ეთერში 14:00 საათიანი „ქრონიკის“ გამოშვებაში  გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით ყველა სატელევიზიო არხის სავალდებულო გადაცემის თაობაზე.

ბ-ნი დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს წინადადებებზე, რომლის მიხედვითაც „საარჩევნო პერიოდში მოხდება ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ეხმიანება კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „must carry“-სა და „must offer”-ის პრინციპების გატარებასთან დაკავშირებით, რაც არასამთავრობო სექტორისა და მედია ორგანიზაციების უმრავლესობის აზრით,  საზოგადოებისათვის პლურალისტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და, შესაბამისად, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობებს ქმნის.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვან პოზიტიურ წვლილს შეიტანს თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისა და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ჩამოყალიბებაში. მივესალმებით ხელისუფლების მზადყოფნას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და თანასწორი მედია გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. იმედს გამოვთქვამთ, რომ გაჟღერებული ინიციატივა ადეკვატურად იქნება ასახული პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში.