ნუგზარ წიკლაური ხიზრი ალდამოვის განცხადებას ძველ სიმღერას უწოდებს

ნუგზარ წიკლაური ხიზრი ალდამოვის განცხადებას ძველ სიმღერას უწოდებს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ხიზრი ალდამოვის განცხადებას პროვოკაციულს და ძველ სიმღერას უწოდებს.

"მას შემდეგ რაც ხიზრი ალდამოვმა უარი თქვა მის მთელ წარსულზე და თავის პოლიტიკურ საქმიანობაზე, მას შემდეგ რაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებთან თავისი კავშირები უარყო, ქართული მხარე მისი მხრიდან ასეთ განცხადებებს ელოდა", – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში წიკლაურმა.  

საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის  ყოფილი წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის განცხადებით, ადრე საქართველოს ხელისუფლება ამბოხებულებს რუსეთში ტერაქტების მოწყობაში ეხმარებოდა, ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ახალ “იჩქერიის მთავრობას” ქმნის.

"არ გაგვკვირვებია, როდესაც ალდამოვმა ძალიან ტრივიალური და პრიმიტიული განცხადებების გაკეთება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ. ეს ძველი სიმღერაა და ჩვენ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ათასჯერ მოგვისმენია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ხიზრი ალდამოვი, რომელიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ მათი მითითებებით მოქმედებს, ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს", - აღნიშნა წიკალურმა. შეგახსენებთ, რომ ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის გასულ კვირას ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს შეხვდა და პატიება სთხოვა.