მუქარა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის (VIDEO)

მუქარა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის (VIDEO)

მარნეულის რაიონის სოფელ ორჯონიკიძეში მცხოვრებ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს ბესო კუჭუხიძეს, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები ემუქრებიან.

კუჭუხიძის განცხადებით, 19 ივნისს, ღამის 03:15 საათზე, მის  საცხოვრებელ სახლში 3 ნიღბიანი პირი შეიჭრა. სახლში ამ დროს კუჭუხიძის მეუღლე ნონა ასანიძე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. შემთხვევას წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა. მათ ბესო კუჭუხიძეს „ქართულ ოცნებასთან“ ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა მოსთხოვეს და დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ინანებდა.

როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, კუჭაშვილი რამდენიმე წელია აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და სწორედ ამ მოტივით განხორციელდა მის მიმართ დაშინების მცდელობა.

„ჩვენ მოვახდენთ პრევენციას და გავატარებთ ყოველგვარ ღონისძიებას, რომ შემდგომშიც არ გაგრძელდეს მსგავსი ფაქტები. ამისათვის მივმართავთ და დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო დამკვირვებლებს, უწყებათაშორის კომისიას, NDI-ის, IRI-ის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ უფლებადამცველებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

თვითონ დაზარალებული აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტის შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით ეჭვი რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა.

„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს რამდენიმე დღის წინ სუფრასთან წამოცდათ, რომ ჩემი ცემა და დაშინება აქვთ დავალებული. მე ერთი თხოვნა მექნება ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩემს ცოლ-შვილს თავი დაანებონ, თუ პირადი ანგარიში აქვთ ჩემთან მე გამისწორდნენ“, - აცხადებს კუჭუხიძე.

დაზარალებული ადვოკატთან ერთად სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.