„ცხელი შოკოლადის“ მფლობელ „ვიდოფონს“ სხვა სახელი ჰქვია

„ცხელი შოკოლადის“ მფლობელ „ვიდოფონს“ სხვა სახელი ჰქვია

შპს „მედია ჰაუს დეკომის“(რადიო ცხელი შოკოლადის) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მოთხოვნის საფუძველზე გერმანიიდან გამოითხვა გაირკვა რომ ს.ს „ვიდოფონს“ სხვა სახელი - “დეკომი“ ჰქვია.


შპს „მედია ჰაუს დეკომის“ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან გერმანიაში დამოწმებული სანოტარო ბიუროს მონაცემებით, დადგინდა, რომ ს.ს „ვიდოფონს“ 2010 წლის 10 დეკემბერს ,რადიოლიცენზიის კონკურსამდე შეეცვალა სახელი და საწესდებო მონაცემებიც. 


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კონკურსზე რადიოლიცენზიის მოსაპოვებლად, რომელიც დედაქალაქში 2011 წლის 30 სექტემბრის გაიმართა ს.ს „ვიდოფონის“ სახელის მქონე კომპანია აღარ არსებობდა, თუმცა ეს არც საქართველოს საჯარო რეესტრში და არც საქართველოს კომუნიაციების ეროვნულ კომისიაში დღემდე არ ასახულა.


საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად შპს“მედია ჰაუს დეკომის“ 100 %-იან წილს ფლობს შპს „ვენჩერ სიქიურიტი ჯორჯია“, ხოლო ამ უკანასკნელის წილებს ფლობენ სს „ვიდოფონი“- 50% გერმანიიდან, ქეთი ბაბუნაშვილი 16%, შალვა ჩუბინიძე 17% და შორენა შავერდაშვლი 17%.


შავერდაშვილი, ჩუბინიძე და ბაბუნაშვილი ასევე ფლობენ შპს „ემ ფაბლიშინგს", რომელიც ჟურნალ „ცხელ შოკოლადს" გამოსცემს. ისინი განკარგავენ ჟურნალ „ლიბერალსაც".


სასამართლოს მხრიდან გერმანიიდან საბუთების გამოთხოვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგინდა, რომ შპს „მედია ჰაუს დეკომის“ მნიშვნელოვან წილს ს.ს „ვიდოფონი“ ფლობდა, ქართულ კანონმდებლობასთან მიმართებაში კი უცხო ელემენტის შესწავლა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ მოუხდენია.


 „მედია ჰაუს დეკომის“ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ სასამართლოს თხოვნით მიმართა მიეცეს მათ გარკვეული ვადა დოკუმენტაცის სრულყოფილად წარმოდგენისთვის,რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა მოსამართლე ნანა დარასელიამ განუმარტა, რომ მათ 1 თვიანი ვადა ჯერ კიდევ 2012 წლის 26 აპრილს მიეცათ. 


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა კოლეგიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის დართვას საქმეზე, რომლის მიხედვითაც შპს „მედია ჰაუს დეკომს“ (რადიო ცხელი შოკოლადი) შეუწყდა სს „ვიდოფონის“ მხრიდან დაფინანსება, დაითხოვეს თანამშრომლები და ვერ ახორციელებს რადიოლიცენზიის კონკურსის პირობებით აღებულ პროგრამულ მრავალფეროვნებას.


შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა (რადიო "ჰერეთმა") სარჩელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია კომისიამ კონკურსამდე 1 თვით ადრე დარეგისტრირებულ კომპანია შპს "მედია ჰაუს დეკომს" მიანიჭა. კონკურსში "ჰერეთიც" მონაწილეობდა, რომელიც თბილისში მაუწყებლობას უკვე მე-6 წელია ითხოვს.


"ჰერეთის" მენეჯმენტი კომისიის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და მისგან კომისიის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობას მოითხოვს. "ჰერეთის" ინტერესებს ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი იცავს.


სასამართლო პროცესი მე-7 თვეა გრძელდება.მომდევნო მოსამზადებელი სხდომა 3 აგვისტოს 11 საათზე ჩაინიშნა.