თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ონიანი დღეს, საქართველოს კონტროლის პალატის წინააღმდეგ, „ფონდი ქომაგისა“ და ბიძინა გიორგობიანის სარჩელს განიხილავს.
ფონდი "ქომაგი" კონტროლის პალატის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა გიორგობიანის მიერ 90 000 ევროს ჩარიცხვის შემდეგ კონტროლის პალატამ ფონდ "ქომაგის" ანგარიშები დააყადაღა.
კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა გიორგობიანი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის სამართალდამრღვევად ცნო.
გიორგობიანი კონტროლის პალატას ცრუ ბრალდებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფონდ „ქომაგს“ შემოწირულობა გერმანულმა ფონდმა „Osteuropa - Medien & Gesselschaft“–მა გადაურიცხა და არა მან.
„როგორ გადმოვრიცხავდი თანხას პოლიტიკური მიზნებისთვის, როდესაც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ საქართველოში და არც ის ფონდია პოლიტიკური პარტია, რომელსაც თანხა გადმოვურიცხე.
შემოწირულობა განახორციელა გერმანულმა ფონდმა „Osteuropa - Medien & Gesselschaft“ და მე ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვარ. ასე რომ, მე არ განმიხორციელებია პირადი შეწირულობა, თუნდაც იმ მარტივის მიზეზის გამო, რომ ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.
გერმანიაში არსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას მე არ განვსაზღვრავ ერთპიროვნულად. ფონდი დაფუძნებულია რამდენიმე ადამიანის მიერ, მათ ვინაობის გამხელა მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი.
რაც შემეხება მე, გერმანული კანონმდებლობით განსაზღვრული „Treuhandstiftung“- (“სანდო პირის ფონდის“), კანონის საფუძველზე და დამფუძნებელთა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვარ როგორც - „სანდო პირი“.
ფონდი რეგისტრირებულია ასევე ფინანსურ და საგადასახადო უწყებაშიც და მოქმედებს გერმანული კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩემი გვარი კი ტრანზაქციის შესრულებისას ფიგურირებს როგორც ფონდ „Osteuropa - Medien & Gesselschaft“ აღმასრულებელი დირექტორის გვარი, რომელმაც შეასრულა ფონდის გადაწყვეტილება“, - აცხადებს გიორგობიანი.