"დემოკრატიული მოძრაობა“ მიესალმება უწმინდესისა და უნეტარესის განცხადებას, რამაც შეაჩერა სარესტავრაციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2009 წლის 31 ივნისს საქართველოს კულტურისა სამინისტრომ ბაგრატის ტაძრის სრული რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცა და სამუშაოებიც დაიწყო, ისე რომ პროექტის დოკუმენტაცია „იუნესკოში“ გაგზავნილი არ ქონდა. გარდა ამისა, ამ სამუშაოებს არც ფართომასშტაბიანი კვლევა არ უძღვოდა წინ.
„დემოკრატიული მოძრაობის ინფორმაციით, ამ საგანგაშო ფაქტს მაშინვე გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნეებისა და ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც იმთავითვე დაუშვებლად მიიჩნევდნენ რეკოსტრუქციის იმ გზას, რომელიც ვაჩეიშვილის უწყებისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა.
"საქართველოს ხელისუფლებამ არც საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება გაითვალისწინა და მაინც დაიწყო ტაძრის ე.წ. რესტავრაცია“,- აღნიშნულია განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ თავიდანვე თვალყურს ადევნებდა ამ პროცესს და 2009 წლის 9 ოქტომბერს გაავრცელა საგანგებო განცხადება იმის თაობაზე, რომ ვითარება საეჭვო და საგანგაშო იყო, რადგან ხელმოუწვდომელი იყო ყველანაირი ინფორმაცია ბაგრატის ტაძრის რეკოსნსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით. მაშინვე ამ საკითხზე „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ესაუბრა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლებამ კვლავ თავის ჩვეულ სტილში, მხოლოდ საკუთარი შეხედულებების მიხედვით იმოქმედა“,-აცხადებენ დემოკრატიულ მოძრაობაში.
მათი ცნობით „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 2009 წლის 9 ოქტომბერს ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის საკითხთან დაკავშირებით წერილით მიმართა „იუნესკოს“ გენერალურ მდივანს ირინა ბოკოვას და ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით იუნესკოს შესაბამისი სტრუქტურის პოზიციის შესახებ ინფორმაციის მოწოდება სთხოვა.
„ვინაიდან, არსებული ხელისუფლების პირობებში, საშუალება არ გვეძლევა ობიექტური ინფორმაცია ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურებიდან მივიღოთ, დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენი მეშვეობით შეძლებს ქართული საზოგადოება გაიგოს სიმართლე მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ბოკოვოსადმი მიწერილ წერილში.
„დემოკრატიული მოძრაობის“ განმარტებით, მაშინვე შედგა სატელეფონო საუბრები ნინო ბურჯანაძესა და იუნესკოს ოფიციალურ პირებთან, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ იუნესკოსთან შეუთანხმებელი პროექტით ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, მათი მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა ტაძრისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნების საკითხი.
განცხადების თანახმად, ნინო ბურჯანაძე, ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს ეწინააღმდეგებოდა ბაგრატის ტაძრის „იუნესკოსთან“ და სპეციალისტებთან შეუთანხმებელი პროექტით რესტავრაციას და შეძლო კიდეც ამ პროცესის შეჩერება.
„სამწუხაროდ, ხელისუფლების ოთხწლიანი გაუაზრებელი სარეკოსნტრუქციო სამუშაოების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ ბაგრატის ტაძარი კარგავს ავთენტურობას და ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნისთვისაა საჭირო. ასეთია „იუნესკოს“ წინასწარი დასკვნაც.
„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს ანტიეროვნულ მიზანმიმართულ პოლიტიკას - გაანადგუროს ყველაფერი ტრადიციული და ისტორიული, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა და რაც ჩვენი ხალხისათვის ასე სათუთი, ხელშეუხებელი და ფასეულია.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მიესალმება უწმინდესისა და უნეტარესის განცხადებას, რამაც შეაჩერა სარესტავრაციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ეკლესიის მკვეთრი პოზიცია და შემდგომი ქმედებები რეალურ პოზიტიურ შედეგს გამოიღებს“,- ნათქვამია განცხადებაში.