არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევის პრეზენტაციას გამართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევის პრეზენტაციას გამართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების - მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა კვლევის შედეგებს წარმოადგენენ.

მასში მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაცია „ევრიჩაილდი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები „ბავშვი და გარემო“ და „მიმღებ მშობელთა ორგანიზაცია“ მიიღებენ.

არასამთავრობოების ინფორმაციით, აღნიშნულ კვლევას ავროკავშირი აფინანსებს და „ევროჩაილდი“ ახორციელებს და ის „ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

„ეს პირველი შეფასებაა, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში მოქმედ ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის ალტერნატიულ მომსახურებას მოიცავს“, - აცხადებენ არასამთავრობოები.

 კვლევის შედეგების საფუძველზე პროექტის 11-მა პარტნიორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები, რომლებიც სისტემურ, სტრუქტურულ, ადმინისტრაციულ, ჯანდაცვის, განათლების, დაფინანსებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროებს ეხება.

შეთავაზებული რეკომენდაციების წარდგენის შემდეგ გაიმართება დისკუსია და ინტერვიუები მას-მედიასთან.

შეხვედრაზე მოწვეულები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, რეგიონული თვითმმართველობის, შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე არასამთვრობო და სათემო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.