ირანსა და „ექვსეულს“ შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ირანსა და „ექვსეულს“ შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

Euronews-ის ინფორმაციით, მოსკოვში გამართული ირანისა და „ექვსეულის“-ამერიკის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მოლაპარაკებები ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტის შესახებ, უშედეგოდ დასრულდა.

ევრო კავშირის უმაღლესი კომისრის  საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონის განცხადებით, მოსკოვში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები „მოლაპარაკებებად დარჩა“.

„მე და დოქტორ ჯალილმა უკვე ვისაუბრეთ, რომ ამ დარბაზში არავის არ სურს მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, პირველად მივედით საკითხის არსამდე, წინ კი ჯერ კიდევ გრძელი გზაა“,- განაცხადა ეშტონმა.

ირანის ნაციონალური უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის საიდ ჯალილის განცხადებით, დასავლეთი ირანის მიმართ არაკანონიერად მოქმედებს.

„ჩვენ დოკუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით ავუხსენით აქ მყოფთ, რომ დასავლეთი ირანის მიმართ უკანონოდ მოქმედებს. უკანონოდ ვთვლით გაეროს რეზოლუციასაც. ჩვენ გვაქვს უფლება ატომური ტექნოლოგიები მშვიდობიანი ფორმით გამოვიყენოთ. ურანის გამდიდრების ფაქტი უნდა აღიაროთ.  ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ჩვენ გავაჟღერეთ“,-განაცხადა ჯალილმა და იმედი გამოთქვა , რომ 3 ივლისს სტამბულში გამართული მომავალი შეხვედრა უფრო ნაყოფიერი იქნება.