„ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს  ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი იწყებს

„ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი იწყებს

პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების დაწყების უფლებამოსილება „სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ „კრების“ ოთხ წევრს:  ნონა გაფრინდაშვილს, გია ბურჯანაძეს, ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს მიანიჭა.

ეს გადაწყვეტილება „კრების“ წევრებმა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს  სხდომაზე მიიღეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  „სახალხო კრება“ განცხადებას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთხელ ცალსახადაა აღნიშნული რომ „სახალხო კრება“, თანამოაზრეთა და თანამებრძოლთა ერთიანი გუნდია და რეალურ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები და კოორდინირებული მოქმედება აღმასრულებელი საბჭოს რომელიმე წევრის სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასა თუ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას არ გულისხმობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო, რომელიც ყოველთვის ოპოზიციურ ძალთა ერთობლივი ბრძოლის მომხრეა, თვლის რომ კოორდინირებული მოქმედებები ოპოზიციურ ძალთა მხრიდან  არსებული რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელია. მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაძლო შეთანხმება კი, ამ კოორდინირებული ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტია.

განცხადების თანახმად,  „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს  სხდომაზე  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებაც იქნა განხილული.

„სახალხო კრების“ წევრმა პოლიტიკურმა ლიდერებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის 2012 წლის 21 მაისს გაჟღერებული ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებს კრებაში შემავალ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს დაიწყონ კონსულტაციები წინასაარჩევნო პოლიტიკური ერთობის შესაქმნელად იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტებს შორის წარმოდგენილი იყოს ყველა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალა და არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა“, - ნათქვამია „სახალხო კრების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთანავე,  „კრებაში“  შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკური კონსულტაციები „დემოკრატიულ მოძრაობას“, მოძრაობა „თეთრებსა“ და „თავისუფალ საქართველოს“ შორის აქტიურად მიმდინარეობს.

„ისინი აწარმოებენ ინტენსიურ, მუდმივ შეხვედრებს საკუთარი რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ადგილებზე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და გაკეთდეს ზუსტი ანალიზი მთელი ქვეყნის მაშტაბით წინასაარჩევნო მდგომარეობის დინამიკასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „კრების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.