„ქართული ოცნება“ კომერციული სტრუქტურებისთვის ტენდერს აცხადებს

„ქართული ოცნება“ კომერციული სტრუქტურებისთვის ტენდერს აცხადებს

კოალიცია „ქართული ოცნება“ სამი სახის პოლიგრაფიული, სატრანსპორტო და სარეკლამო მომსახურებისათვის ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია 27 მაისს დაიწყო და მის ფარგლებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, უამრავი ღონისძიება დაიგეგმება. ამ ღონისძებების ფარგლებში კი ქვეყნის მოქალაქეები ცდილობენ კოალიციისთვის დახმარების უსასყიდლოდ გაწევას. თუმცა ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ არსებობს რიგი საკითხები და მომსახურებები, რომლის მიღებაც თანხის გადახდის გარეშე შეუძლებელია.

აქვე ფანჯიკიძემ ხელისუფლების მხრიდან მეწარმე სუბიექტების მიმართ არსებულ შეზღუდვებზე და ზეწოლებზეც ისაუბრა.

„კომპანიები მომსახურებაზე უარს გვეუბნებიან ან საბაზროზე მაღალ ფასებს ითხოვენ. ის, ვინც მომსახურებას საბაზრო ღირებულებით გვიწევს, ჩვენთან დაკავშირებულ პირებად ცხადდებიან. ხელისუფლება ამ ტიპის უკანონო ქმედებებს უარყოფს. ჩვენ ხვალ ან ზეგ პოლიგრაფიული, სატრანსპორტო და სარეკლამო მომსახურების მიღების მიზნით ვაცხადებთ ტენდერს. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა კომერციულ სტრუქტურას მოვუწოდებთ. მოხარულები ვიქნებით, თუ ტენდერში კომპანიათა მაქსიმალური რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. თუ ეს ასე არ მოხდება, ეს დადასტურება იქნება იმისა, თუ რა ბერკეტებს იყენებს ხელისუფლება კომპანიების მიმართ, რომელთა მიზანს მოგების მიღება უნდა წარმოადგენდეს”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ტენდერის შესახდებ დეტალური ინფორმაცია მათი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.