მანანა მანჯგალაძე: სოფლის მეურნეობა პრეზიდენტისა და მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

მანანა მანჯგალაძე: სოფლის მეურნეობა პრეზიდენტისა და მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ  ტრადიციულ ბრიფინგზე გასულ კვირაში პრეზიდენტის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი დროის ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტებს დაეთმო.

მანჯგალაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

 „ვფიქრობთ, საინტერესო იყო ის ტურები, რომლებიც შიდა ქართლსა და სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად გაიმართა და რომელშიც პრეზიდენტიც მონაწილეობდა. ამ ღონისძიებების მიზანია გლეხები სფეროში დანერგილ სიახლეებს გაეცნონ. ფერმერთა მომსახურების ცენტრები უკვე რამდენიმე რეგიონში ფუნქციონირებს, მათ შორისაა ზესტაფონი, აბაშა, ახალციხე, გურჯაანი და მარნეული“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა ფერმერთა მომსახურების ცენტრების მეტი ტრაქტორითა და სხვა ტექნიკით აღიჭურვაა. 

მანჯგალაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ცენტრებში ტექნიკასთან ერთად ლაბორატორიებია განთავსებული, სადაც გლეხებს ეძლევათ შესაძლებლობა  პროფესიონალთა რჩევები და რეკომენდაციები მიიღონ.