პუტინი და ობამა მშვიდობაზე საუბრობენ, ურთიერთობებზე  კი დუმან

პუტინი და ობამა მშვიდობაზე საუბრობენ, ურთიერთობებზე კი დუმან

მექსიკაში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, ვლადიმერ პუტინმა და ბარაკ ობამამ მოლაპარაკებების შემდეგ, ერთობლივი განაცხადება გააკეთეს.

BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტების მიერ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „სირიელმა ხალხმა დამოუკიდებლად, დემოკრატიული გზით უნდა მოახერხოს ლიდერის არჩევა, ხოლო ყოველგვარი ძალადობა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის გეგმის მიხედვით მოხდეს სამშვიდობო ქმედებების განვითარება“.

გავრცელებულ დოკუმენტში ასევე საუბარია ერთობლივ ბრძოლაზე ტერორიზმისა და ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი შეთანხმების მიღებასა და რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსების შესახებ.   

„ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო პრობლემებზე, მათ შორის შევეხეთ სირიის პრობლემასაც და ვიპოვეთ გადაკვეთის წერტილებიც“,-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა დახურული შეხვედრის შემდეგ, თუმცა რა ურთიერთობა იქნება რუსეთ-ამერიკას შორის და გაგრძელდება თუ არა „გადატვირთვის პოლიტიკა“, პრეზიდენტს პასუხი არ გაუცია.