შაბათს 23 ივნისს, ნიუიორკში ეროვნებათა აღლუმის ჩატარება იგეგმება, სადაც მონაწილეობას ქართული დიასპორა მიიღებს. ამის შესახებ ირაკლი ალასანია facebook- ის ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი. ღონისძიების ორგანიზატორია ემიგრანტთა საერთაშორისო ფონდი, ასოციაცია თვისტომი და ორგანიზაცია "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის".
„ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის" ინფორმაციით, შეკრება კი მანჰეტენზე დილის 10 საათიდან 43 ქუჩასა და 6 ავენიუს კუთხეში მოხდება. მსვლელობა კი 44 ქუჩიდან 57 ქუჩამდე დაიწყება და მასში მონაწილეობას სპორტისა და ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე საცეკვაო კოლექტივები მიიღებენ.
„აღლუმზე ასევე ჩატარდება საინფრმაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე მონაწილეობის მსურველთათვის და ასევე დარიგდება საკონსულოში სარეგისტრაციო ფორმები რის გარეშეც არჩევნებში მონაწილეობის მიღება კანონით დაუშვებელია. ამიტომ ყველას გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ საკონსულოში არჩევნებზე ხმის მისაცემად“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზატორების მიზანია აღლუმი წელს ყველაზე მასშტაბური და ხალხმრავალი იყოს, სადაც სამახსოვრო ფოტო და ვიდეო გადაღება მოხდება.
„ყველას გთხოვთ მობრძანდეთ ოჯახებით, პატარებთან ერთად, სასურველია ქართული დროშებით. ეს იქნება ნამდვილი ქართული დღესასწაული!“, - აღნიშნულია განცხადებაში.