კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ადასტურებს ინფორმაციას,რომ ბაგრატის ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერდა.
ვაჩეიშვილის თქმით, საზოგადოებას საშუალება ექნება კიდევ ერთხელ გაეცნოს ტაძრის რეაბილიტაციის პროექტს.
,,ჩვენი შეფასებით, ეს არის მაღალი კატეგორიის სარესტავრაციო სამუშაოები. საპატრიარქოს მოთხოვნით სამუშაოები დღეს გავაჩერეთ და გავივლით ყველა კონსულტაციას. ყველა შეჯერებულ პოზიციის გადახედვა მოხდება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევჯერდეთ, დავრწმუნდეთ რა და როგორ კეთდება და რომ ეს მართლაც მაღალი ხარისხია. იმედი მაქვს სულ მალე გაგრძელდება სამუშაოები“, - აცხადებს ვაჩეიშვილი
ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ კვირის ქადაგებისას მოითხოვა.
„მშენებლობა თუ რესტავრაცია კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხების გარეშე, თვითნებურად, აი ამიტომ გავეცი ბრძანება, დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, ვიდრე „იუნესკოს“ წარმომადგენლებთან ერთად არ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“,- არ გავერკვევით დეტალურად, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ისტორიული და კულტურული ძეგლია და მას ასე უბრალოდ ხელი არ უნდა მოვკიდოთ", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, საპატრიარქო გამართავს შეხვედრებს "იუნესკოს" წარმომადგენლებთან, ასევე, იმ მშენებლებთან, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპატრიარქოსთან არსებული სპეციალური კომისიაც.
"ეს უნდა იცოდეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემაც და ბაგრატის ტაძარში უნდა შეწყდეს სარესტავრაციო სამუშაოები, ვიდრე არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი "იუნესკოს" ყურადღებიდან იქნას ამოღებული. იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენ მივიღებთ ისეთ ტაძარს, როგორიც ჩვენთვისაა საჭირო. "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია", სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.
საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივანი თამარ კვანტალიანი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ რესტავრაცია უსიტყვოდ უნდა შეჩერდეს.
„უწმინდესის სიტყვა გადამწყვეტია და ბაგრატში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უსიტყვოდ უნდა შეჩერდეს. ეკლესია არის მესაკუთრე ყველა ტაძრის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, რასაც კონსტიტუციური შეთანხმება ითვალისწინებს", _ აღნიშნა კვანტალიანმა.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „იუნესკოს“ დასკვნა იმის შესახებ, რომ ბაგრატის ტაძარი „იუნესკოს" კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს, ეს საკითხი კი „იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება.
36-ე სესიისთვის მომზადებული წინასწარი დასკვნის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრის მოლაპარაკებების საფუძველზე, "იუნესკომ" საქართველოს მთავრობას სარეაბილიტაციო გეგმაზე უარი უთხრა და ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აკრძალა.
ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და მისი საზეიმო გახსნა 2012 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი. პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი ივანე გრემელაშვილია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, საპატრიარქომ კი აღნიშნული პროექტი მოიწონა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, შემდეგ ტაძრის რესტავრაცია ისე წარიმართა, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ტაძრის რესტავრაცია თანამედროვე ელემენტების გამოყენებით მიმდინარეობს, რაც ექსპერტების შეფასებით, ძეგლს მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას უკარგავს.
"ლიბერალთან" საუბრისას ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილის აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა „იუნესკოს“ არაპროფესიონალური და საქმეში ჩაუხედავი დასკვნა.
„მოულოდნელი ჩემთვის იყო მისი ამგვარი არაპროფესიონალური, არაკვალიფიციული და საქმეში ჩაუხედავი დასკვნა, იმიტომ რომ სხვა სურათია და ამას, იუნესკოს ძალიან წონიანი ექსპერტებიც, იმ წლების განმავლობაში, როდესაც ერთად ვმუშაობდით, ადასტურებენ. იმედი მაქვს, რომ თვის ბოლოს იუნესკოს კომიტეტის შეხვედრაზე ორგანიზაციის წინასწარი დასკვნა გადაიხედება და შეიცვლება“,-აცხადებს ვაჩეიშვილი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას განცხადებით კი , ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის ჩასატარებლად ქართული მხარე 2014 წლამდე ვერ დაიცდის. „იუნესკოს“ წარმომადგენლები გვირჩევენ, რომ სარესტავრაციო საკითხები 2013 წელს განვიხილოთ და უშუალოდ რესტავრაციის პროცესი 2014 წელს დავიწყოთ, თუმცა ჩვენ 2014 წლამდე ვერ დავიცდით. სარესტავრაციო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ძალიან კარგი შედეგები არის მოსალოდნელი“,-აღნიშნა მინისტრმა.
ნიკა რურუა სოციალურ ქსელში გავრცელებული ბაგრატის ტაძრის მაკეტს გამოეხმაურა, სადაც ხსენებული ძეგლი შემინულია. მინისტრი ირწმუნება, რომ აღნიშნულ მაკეტს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ასევე ადასტურებს, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია ვანო გრემელაშვილის პროექტის მიხედვით გაგრძელდება. რატომ მოხდა გრემელაშვილის პროექტის შეცვლა და რატომ მიმდინარეობს ტაძართან ლიფტის მშენებლობა, რომელსაც გრემელაშვილის პროექტი არ ითვალისწინებდა, ვაჩეიშვილი თქმით "არის ცალკეული მოდიფიცირება უკვე "იუნესკოს" მოთხოვნით".
"პროექტის დაწუნებაზე საუბარი არ არის. ვფიქრობ, გაუგებრობაა ლიფტის გამო, რომელიც სრულ დეზინფორმაციას ეფუძნება. ესეც გადაწყვეტადია. იგი ტაძარში არ არის. იგი კეთდება არასაეკლესიო, საერო ნაგებობასთან. ის არ ჩანს. არის მცირე ზომის და დაფარულია. ეს არის იმ ხანდაზმული ადამიანებისთვის. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიაროთ ფეხით, მაშინ ვიაროთ ფეხით. საბოლოოდ ყველა მოვითხოვთ, რომ ისე დაიგეგმოს ბაგრატის ტაძრის თვითეული კვანძი, თვითოეული ნიუანსი, რომ ხელის არაფერს შეეშალოს", განაცხადა ვაჩეიშვილმა