პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მანანა კობახიძის შეფასებით, გუშინ ოზურგეთში გამართული აქცია, რომელსაც 30 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ოპტიმიზმით და იმედით იყო დამუხტული. როგორც მან From.ge სთან საუბარში აღნიშნა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საზოგადოების მხარდაჭერაც იზრდება და აღნიშნა, რომ გურიის აქცია ამის ნათელი დადასტურება იყო.
აქციაზე იმყოფებოდა არამარტო ადგილობრივი, არამედ აჭარიდან და იმერეთიდან ჩამოსული სტუმრებიც, რომლებიც კობახიძის განცხადებით, პოზიტიურად არიან განწყობილნი კოალიციის მიმართ.
„დამოკიდებულება არის ძალიან ცალსახა, რომ ეს ხალხი დაიღალა იმ გაუსაძლისი მდგომარეობით, რომელიც ამ რეგიონში და მთელს საქართველოშია შექმნილი. ამაში ისინი პირდაპირ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ასეთი ძალიან მძიმე მდგომარეობის ფონზე კი გამოჩნდა იმედი, ეს იმედი არის „ქართული ოცნება“ და ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთადერთი არჩევანი, რომელსაც ისინი არჩევნებზე გააკეთებენ „ქართული ოცნება“ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს კარგად გამოჩნდა არამარტო აქციიდან, არამედ იმ შეხვედრებიდანაც, რომელიც მანამდე გურიის სხვადასხვა სოფელში იმართებოდა.
მისივე თქმით, აქცია აბსოლუტურად კონტროლირებად და მშვიდ გარემოში, კონსტიტუციურ უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში ჩატარდა. კობახიძე აცხადებს, რომ ამის ფონზე გუშინდელ აქციაზე გაჩნდა შეგრძნება, რომ ხელისუფლება „ქართული ოცნება“ იყო, პატრულმა და სხვა სახელისუფლებო უწყებებმა კი დაკარგეს თავისი ფუნქცია, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ პატარ-პატარა შეფერხებები მაინც იყო.
„აქციის დასრულების შემდეგ ყვითლჟილეტიანი მარეგულირებლები აწესრიგებდნენ მოძრაობას. ისინი მოძრობის ყოველგვარი წესების დაცვით, მანქანების მშვიდი გასვლითა და მოსახლეობოს გასტუმრებით იყვნენ დაკავებულნი. თუმცა ნაციონალი აქტივისტებისგან სოფლებში მაინც იყო პატარ პატარა შეფერხებებიც. მოსახლეობას შიგადაშიგ აფრთხილებდნენ არ წასულიყვნენ აქციაზე, რომ არ შექმნოდათ რაღაც პრობლემები. იყო შეპირებებიც, რის შესრულებასაც აქციაზე არ წასვლის შემთხვევაში აპირებდნენ. თუმცა საბოლოო ჯამში ეს ტალღა ვერაფერმა შეაჩერა, ხელისუფლების ქმედება კი ამ ფონზე უსუსურად გამოიყურებოდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება მორიგ აქციას კობახიძის თქმით, ეს მცხეთა მთიანეთის რეგიონში 2 კვირაში გაიმართება და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ამისთვის უკვე აქტიურად ემზადება.