მიხეილ სააკაშვილი: ადრე ფოთს ერთი და ორი გველეშაპი ეჯდა თავზე - ახლა ვითარება შეიცვალა

მიხეილ სააკაშვილი: ადრე ფოთს ერთი და ორი გველეშაპი ეჯდა თავზე - ახლა ვითარება შეიცვალა

საქართველოს პრეზიდენტი ფოთში დღეს მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის, მოსახლეობის სრული გაზიფიკაციის, ქალაქის კეთილმოწყობის საკითხებს და განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს შეეხო.

„ქალაქის მოწყობის კუთხით რაღაცეები კეთდება, მალე დასრულდება ფოთის ტაძარი, შენდება ვალერიან გუნიას სახელობის ახალი თეატრი, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც დასაქმებაა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიენტმა აღნიშნა, რომ ფოთში ყველას უნდა ჰქონდეს დასაქმების საშუალება. მისი თქმით ამას ემსახურება გადამზადების ცენტრების გახსნა და ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამ მხრივ, მან საწარმოების გახსნის აუცილებლობა გამოყო და კერძო ბიზნესის განვითრებაზე ისაუბრა.

„წარმატება იყო ის, რომ ზოგადად ბიზნესი ფართოვდება და თუ ადრე ქალაქს ერთი და ორი გველეშაპი ეჯდა თავზე და ყველაფერი მათი იყო, ფოთელები კი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა _ ბევრად მეტი ბიზნესი შემოვიდა, მონოპოლია არ არის და ა.შ. მაგრამ მეორე პრობლემაა, რომ ზონამ, როგორც ჩვენ მოველოდით, ისე არ გაამართლა. საწარმოების გახსნა ნელ-ნელა მიდის, თითქმის არ მიდის, პატარ-პატარა რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ფოთის მშენებარე ეკლესიაც მოინახულა. პრეზიდენტმა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მშენებლობის პროცესის დეტალებით დაინტერესდა.