ილია მეორე: სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის საკითხი შესასწავლია

ილია მეორე: სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის საკითხი შესასწავლია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აზრით, სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის საკითხი შესასწავლია. როგორც უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა, ბავშვების აღზრდაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მშობლებს, ეკლესიასა და სკოლას ეკისრება და მათ ახალი თაობის სიყვარულით აღზრდაზე უნდა იზრუნონ.

„ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები. ამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს, ეკლესიასა და სკოლას. მაგრამ ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას და დავუნიშნეთ ისეთი ზედამხედველები, ე.წ. მანდატურები, რომელნიც კი არ ზრდიან ჩვენს შვილებს, არამედ აქცევენ მათ ენის მიმტან ადამიანებად. ამიტომ ეს საკითხი კიდევ შესასწავლია.

 შიშით ვერ გავზრდით ჩვენს შვილებს. მხოლოდ სიყვარულით, კეთილი სიტყვით შეგვიძლია აღვზარდოთ ისინი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ეკლესიას გააჩნია ორი სასულიერო აკადემია, სასულიერო სემინარიები, უნივერსიტეტი, გელათის მეცნიერებათა აკადემია, ორმოცზე მეტი გიმნაზია და საშუალო სკოლა.

ამას ყველაფერს აქვს ძალინ კარგი შედეგი. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. წინა პატრიარქების დროს ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი ამდენი სასწავლებელი არ არსებობდა. მაგრამ არის განსაცდელებიც. თითქმის ყოველ დღე გადმოსცემენ, თუ როგორ მოკლა ახალგაზრდამ თავისი მეგობარი, ან შვილმა – მამა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ კიდევ დაბალ დონეზე ვდგავართ სულიერების საკითხში“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.