„დემოკრატიული მოძრაობა“  “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წინასაარჩევნო მონიტორინგის  ანგარიშს ეხმიანება

„დემოკრატიული მოძრაობა“ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშს ეხმიანება

დემოკრატიული მოძრაობის შეფასებით, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო მონიტორინგის  მეორე შუალედურ ანგარიში ცხადყოფს, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო ამკაცრებს ტერორს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

ამასთან დაკავშირებით, მოძრაობამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს უფრო ქმედითი ნაბიჯების გადაგმისკენ მოუწოდებს.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„დემოკრატიულ მოძრაობის“ შეფასებებსა და დასკვნებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის, არსებული საარჩევნო გარემოს და  ხელისუფლების შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა და ხშირ შემთხვევაში ჩვენს მიმართ კრიტიკით გამოდიოდა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ აცხადებდა და აცხადებს, რომ ქვეყნის დღევანდელი მმართველი გუნდი არ დაუშვებს ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. როგორც მოსალოდნელი იყო, ისედაც მძიმე საარჩევნო გარემო, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო დამძიმდა და სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყველაფერზე მიდის იმისათვის, რომ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა.

აღნიშნულის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიც, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ბოლო ერთი თვის მდგომარეობას ასახავს.  ხელისუფლება კიდევ უფრო ამკაცრებს ტერორს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებისა და რეალურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათი მომხრეების მიმართ.

„დემოკრატიული მოძრაობა“ კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს - ხელისუფლების უკანონო ქმედებების არსებული დინამიკა უკვე ღიად უჩვენებს, რომ ქვეყნის მმართველი რეჟიმი მიდის დიქტატურისაკენ და სანამ კიდევ არის მცირე შანსი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების გზას და თავიდან აიცილოს არასტაბილურობა, მოგმართავთ თქვენ, რათა გადადგათ უფრო ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების შესაჩერებლად. ჩვენ ვიცით, რომ 2009 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, ხელისუფლება გეგმავს მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც გაიფორმოს გამარჯვება. საქართველოს მოქალაქეებში სააკაშვილის და მისი რეჟიმის საწინააღმდეგო განწყობა ყოველდღიურად მატულობს და რაც უფრო ნაკლები დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, სააკაშვილის გუნდი კიდევ უფრო გააძლიერებს წნეხსა და ტერორს მიზნის მისაღწევად, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მომავალი საპარლამენტო არჩევნების რეალურად თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და უკიდურესად ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობას“, - ნათქვამია განცხადებაში.