ნუგზარ წიკლაური: დავით გარეჯის თემა ხელოვნურად წამოჭრილია და კიდევ ერთხელ, სიტუაციის  ესკალაციის მცდელობაა

ნუგზარ წიკლაური: დავით გარეჯის თემა ხელოვნურად წამოჭრილია და კიდევ ერთხელ, სიტუაციის ესკალაციის მცდელობაა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ყოფნას იმით ხსნის, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შორის დადებული ხელშეკრულება, არათუ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ამ ტერიტორიის დატოვებას არამედ, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ტურისტებისა და მომლოცველებისათვის დავით გარეჯის უდაბნოს ლავრის დაუბრკოლებრივ მონახულებას ითვალისწინებდა.

 „ის რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 10 დღეში დატოვებდნენ ამ ტერიტორიას ასეთი რამ არ თქმულა. პრეზიდენტების ხელშეკრულების არსი ის იყო, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მომლოცველებსა და ტურისტებს  დავით გარეჯის უდაბნოს ლავრის მონახულების შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ჰქონოდათ და არა ის, რომ რომ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საერთოდ არ იდგებოდნენ“, - განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურის განცხადებით, დღევანდელი ვითარებით, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს ჩავიდეს და მოინახულოს ის სენაკები, რომლებიც  უდაბნოს მონასტერში მდებარეობს ამის გაკეთება დაუბრკოლებლად შეუძლია.

„ვფიქრობ, ეს თემა ხელოვნურად წამოჭრილია და კიდევ ერთხელ სიტუაციის  ესკალაციის მცდელობაა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით,  მთლიანად, დავით გარეჯის ბედი  მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როდესაც ქართული და აზერბაიჯანული მხარეები საზღვრის დელიგიმიტაცის თაობაზე  საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ქართული მხარისთვის დავით გარეჯი ქართული, სულიერი, კულტურული არქიტექტურული  ძეგლია და მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ დავით გარეჯი  საქართველოს შემადგებლობაში იყოს“, - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონის კირიონის განცხადებით, გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან.

„21 მაისს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია 10 სამუშაო დღეში უნდა დაეტოვებინათ. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მთის თხემი არ დაუტოვებიათ. ადრე თუ იქ ასვლისას 2 მესაზღვრე გვხვდებოდა, ახლა უკვე 6 მესაზღვრე დგას“, - აცხადებს მღვდელმონაზონი კირიონი.