გია ცაგარეიშვილი: გურულები საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ მოუსავლეთში გასტუმრებას ელოდებიან

გია ცაგარეიშვილი: გურულები საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ მოუსავლეთში გასტუმრებას ელოდებიან

ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მზადებისთვის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება დასრულებულია - განუცხადა  From.ge-ს ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილის თქმით, აქციამდე თვითონ მივლინებით ჩოხატაურის რაიონში 40-მდე შეხვედრა გამართა, რომელსაც დაახლოებით 400-500 ადამიანი ესწრებოდა. ცაგარეიშვილის შეფასებით, ეს არც ისე დაბალი მაჩვენებელია გამომდინარე იქედან, რომ ამ რაიონში სულ 12 ათასი ამომრჩეველია და აღნიშნა, რომ ამით მოხდა ხვალიდენლი დღისა და შემდეგ არჩევნებისთვის ამომრჩევლების მობილიზება.

რაც შეეხება ხვალ დაგეგმილ აქციას, მისი თქმით, ეს იმ სტილში ჩატარდება, როგორც იმერეთში ჩატარდა და აღნიშნა, ეს იქნება ისეთი გრანდიოზული, რომლის მსგავსიც რეგიონში ჯერ არ ჩატარებულა.

„აქცია ხვალ 7 საათზე დაიწყება. მანამ კი დღეს 5 საათზე მოსამზადებელი აქცია გაიმართება. ეს გურიისთვის გრანდიოზული ღონისძიება იქნება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი-გურულების წინაშე წარსდგება  სიტყვით და ჩვენი პროგრამის გარკვეულ ნაწილზე ისაუბრებს. მათ შორის იმ პრობლემებზე, რომელიც გურიის მოსახლეობას აქვს - უმუშევრობის, სიდუხჭირის და იმ ურთულესი და უმძიმესი მდგომარეობის დაძლევა, რაც მოსახლეობის წინაშე რეალურად არსებობს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილის განცხადებით, მათთან ერთად რეგიონში უამრავი ცნობილი ადამიანია ჩასული, მათ შორის მსახიობები, მომღერლები, მხატვრები, არქიტექტორები და კულტურის სფეროს მოღვაწე სხვა ცნობილი სახეები, რომლებიც „ბევრად უფრო საყვარელი ნაწილია საზოგადოების, ვიდრე პოლიტიკოსები“.

მისივე განმარტებით, საზოგადოების განწყობა გურიაშიც ისეთივე ამაღლებულია, როგორიც იმერეთში იყო და აღნიშნა, რომ საზოგადოება ელოდება დღეს, როცა „საპარლამენტო უმრავლესობას პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს“.

„ჩვენ ზაფხულის განმავლობაში ვაპირებთ დავასრულოთ აქციები რეგიონალური მასშტაბით, შემდეგ კი მაჟორიტარულ დეპუტატებთან ერთად კონკრეტულ რაიონებში დავიწყებთ რაიონულ შეხვედრებს“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.