"თავისუფალი საქართველო": შსს-მ ქეთი ბექაურს აგენტები მიუგზავნა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით,  ადვოკატ, ქეთი ბექაურის  მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყო.

პარტიის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბექაურის პიროვნებით განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა და გააქტიურდა, რაც ადვოკატმა საკუთარი პოლიტიკური სიმპატიები   „თავისუფალი საქართველო“-ს მიმართ გამოხატადა პარტიის სამართლებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელი გახდა.

„15 ივნისს „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისში, შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ბექაურთან მიაგზავნეს საკუთარი აგენტი. ადვოკატს, ის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა როგორც კლიენტმა, რომელსაც იურიდიული კონსულტაცია ესაჭიროებოდა.

 ეს პიროვნება არის  სომეხი ეროვნების და როგორც თვითონ განაცხადა ცხოვრობს რუსეთში. აღნიშნულმა პიროვნებამ  ქეთი ბექაურს განუცხადა, რომ ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით  და ადვოკატისგან მოითხოვდა ინფორმაცია მიეწოდებინა, რომელიმე მსხვილი მედია კომპანიისთვის საქართველოში ან საზღვარგარეთ ინტერნეტის საშუალებით, რისთვისაც ბექაურს ჰპირდებოდა ჰონორარის სახით 100 000 ევროს. გარდა ამისა, აღნიშნული პიროვნება ითხოვდა, რომ დაცული ყოფილიყო შეხვედრის კონფიდენციალურობა და მისი პიროვნება არ გამჟღავნებულიყო. ასევე, იგი ცდილობდა ქეთი ბექაურისთვის გადაეცა ტელეფონის სიმ - ბარათი და სთხოვდა მხოლოდ ამ ტელეფონით დაკავშირებოდა მას. უარის მიღების  შემდეგ მან დატოვა „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისი“, - აცხადებენ პარტიაში.

ქეთი ბექაურმა კი აღნიშნული ფაქტის შესახებ მაშინვე პარტიის ლიდერს კახა კუკავას შეატყობინა.

 პარტია „თავისუფალ საქართველოში“ ამ  ფაქტს დანაშაულად და პროვოკაციად აფასებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი ტიპის პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.