გოგი ხუციშვილი: ხელისუფლება ივანიშვილის დეპორტაციისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ცდილობს

გოგი ხუციშვილი: ხელისუფლება ივანიშვილის დეპორტაციისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ცდილობს

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გოგი   ხუციშვილი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ბიძინა ივანიშვილს მატერიალური რესურსი მაქსიმალურად დააკარგვინოს.

ხუციშვილის პროგნოზით, ხელისუფლება შეეცდება, ივანიშვილს დესტრუქციული ქმედება ჩაადენინოს, ხოლო შემდეგ სრულიად სუბიექტურად და არასამართლიანად  კანონმდებლობის ის მუხლი გამოიყენოს, რომელიც უცხოეთის მოქალაქის ქმედებას ეხება და დეპორტაცია იყოს შესაძლებელი.

„ჩემი აზრით, ხელისუფლება ივანიშვილის საქართველოდან გვიან შემოდგომაზე დეპორტაციისთვის ემზადება და ამისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ხუციშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლებამ ივანიშვილის დეპორტაცია განახორციელა, ამით „ქართული ოცნების“ აქტიურობა არ შეწყდება.

„ქართული ოცნება“ მარტო ივანიშვილი არ არის, საკმაოდ მასობრიოვი და სტრუქტურირებული ორგანიზაციაა. ივანიშვილის პიროვნული ფაქტორი დიდია, მისი ქვეყნიდან დეპორტაცია „ქართულ ოცნებას“ კი დაასუსტებს, მაგრამ ვეღარ დაანგრევს“, - აცხადებს ხუციშვილი.