მიხეილ სააკაშვილი: გაფრთხილებთ, რომ ძალიან სერიოზულ ანტისაბანკო განწყობას მიიღებთ

მიხეილ სააკაშვილი: გაფრთხილებთ, რომ ძალიან სერიოზულ ანტისაბანკო განწყობას მიიღებთ

ბიზნესის განსავითარებლად ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმისათვის, რომ საბანკო განაკვეთები, რომელიც ძალიან მაღალია და ეს თქვენც კარგად იცით, შემცირდეს“, - ამ განცხადებით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკააშვილმა ბანკირებს მიმართა, რომლებიც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გახსნაზე იყვნენ შეკრებილნი.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედი ბანკები საზოგადოებაში სერიოზული ანტისაბანკო განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მათ ამის შეწყვეტისკენ და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

"ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ 2 და 3 ოთახიანი ბინები, ბანკებმა წაართვეს და დარჩნენ ქუჩაში. ფრთხილად იყავით ხალხნო, ვიღებთ ძალიან დიდ ჯგუფს ადამიანებისა, რომლებიც თქვენს მიერ არის გაღატაკებული და განადგურების პირას მისული და ნუ ვიტყვით იმას, რომ მათ თავად გააკეთეს ეს არჩევანი. ნუ გააკეთებთ იმას, რომ დამშეული, გაღატაკებული, განადგურებული ადამიანების მთელი კლასი მიიღოთ. გუშინ ოჯახი ვნახე, რომელსაც ბანკმა ბინა ჩამოართვა. ამ ოჯახის 12 წევრი თავშესაფრის უქონლობის გამო 7 ადგილზეა გადანაწილებული. გაფრთხილებთ, იყავით ძალიან ფრთხილად, რადგან მიიღებთ ძალიან სერიოზულ ანტისაბანკო განწყობას საქართველოში. ნუ დახარბდებით ასეთ პატარა შემოსავლებს, რადგან ამას სოციალური უკუეფექტი ექნება. კლასობრივ შუღლს გავაჩენთ, რადგან არ შეიძლება, სხვისი უკიდურესი გაღატაკებით ვინმემ ფული გააკეთოს", - მიმართა პრეზიდენტმა ცენტრის გახსნაზე შეკრებილ ბანკირებს. 

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მუშაობს საინვესტიციო სამსახურებთან, რომლის წყალობითაც ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა შემდგომ განმტკიცდება და აღნიშნა რომ საქართველოს აქვს სერიოზული პოტენციალი მომავალ წელს საინვესტიციო სამუშაოებზე გადავიდეს.

„ოღონდ ამისათვის საჭიროა, ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კრედიტები იყოს ხელმისაწვდომი, დაბალგანაკვეთიანი და მათ აღებას ეკონომიკური აზრი ჰქონდეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა კერძო სექტორს ე.წ სოციალური საცხოვრებლების მშენებლობის პროექტში ჩართვა შესთავაზა.