აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ საქართველოს წინაშე მდგარ სირთულეებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმაა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.
ელჩმა გაიხსენა ქართველ ბიზნესმენებთან გამართული სადილი, სადაც ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა მას განუცხადა, რომ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რაც მისი თქმით, ბევრი პრობლემის სათავეა. ბასმა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად იზიარებს ამ მოსაზრებას. ელჩის თქმით, ამის შედეგია მეორე პრობლემა, რაც გამოიხატება ტოლერანტობის ნაკლებობაში, რაც თავის მხრივ ასახულია განსახვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში.
ჯონ ბასის განცხადებით, ამის ერთერთი მიზეზი ის ოცწლიანი პროცესია, „როდესაც ქართველები წყვეტენ თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში.“
„ამ პროცესში ზოგიერთმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც, ქართველობა არის, იყო ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ", - აღნიშნა ჯონ ბასმა.
ელჩის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მოწონებას იმსახურებს იმ თვალთახედვის ხელშეწყობისა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომელიც საჭირო იყო ყველა ქართველისთვის, მათი ეთნიკურობის და აღმსარებლობის განურჩევლად, მიეღოთ მონაწილეობა საზოგადოების მშენებლობაში თანაბარ დონეზე, შეესრულებინათ თავისი აღმსარებლობა და აერჩიათ ის მომავალი, სადაც მათი კულტურული ტრადიციები პატივმიგებული იქნებოდა