აშშ-ს საელჩოები ნეიტრალური დოკუმენტების მიღებას მალე დაიწყებენ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონის იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტია შეჯამებული.
"ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან საქართველოს მიერ კონტაქტის ხელშეწყობის გზები. შეერთებული შტატები ვარგის სამგზავრო დოკუმენტად აღიარებს სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ. აშშ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შერიგების პროცესის წამახალისებელ ნაბიჯად მიიჩნევს, რაც ხელს შეუწყობს მიმოსვლის თავისუფლებას, შეამცირებს დაძაბულობას და საქართველოს სუვერენიტეტის შეუბღალავად ადამიანებს შორის კავშირ-ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს. მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები დაიწყებენ სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტების მიღებას ამ ორივე რეგიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ.
სამუშაო ჯგუფმა ასევე დაადასტურა სავიზო დიალოგის გაგრძელების და იმ ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებული გეგმები, რომელიც ორი ქვეყანის სამეცნიერო საზოგადოებას ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებს.
"სტრატეგიული პარტნიორობის კომისია რჩება აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და გაღრმავების გზაზე მდგარი თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უმთავრეს მექანიზმად", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.