კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი 21 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ივანიშვილის ადვოკატებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.
ივანიშვილის დაცვის მხარის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა საგამონაკლისო წესით მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევის წესს არ იცნობს, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. ამისათის მათ თავიანთი არგუმენტებიც წარმოადგინეს.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლეების მიერ დღეს საპატიო მოქალაქისა და საგამონაკლისო წესით მინიჭებული მოქალაქეები გაიგივდა.
„აღნიშნული შედარება ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რადგან საპატიო მოქალაქეობა პიროვნებას მხოლოდ სიამოვნების განცდას აძლევს და არა რაიმე სამართლებრივ უფლება მოვალეობებს. მოქალაქეობა კი პოლიტიკურ სამართლებრივი კავშირია სახელმწიფოსთან. ამ ორ სტატუსს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს",- განაცხადა ადვპოკატმა არჩილ კბილაშვილმა პროცესზე.
პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კი დღევანდელ პროცესზე აღნიშნეს, რომ აპელანტი მხარის განცხადებები კანონთან შეუსაბამობაშია და გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კანონის საფუძველზეა მიღებული.
ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დღევანდელ პროცესზე ადვოკატები შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე, არჩილ კბილაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი იცავდნენ, პრეზიდენტის მხარეს კი წარმოადგენდნენ თინათინ სირაძე, ჟანა ქოიავა და გიორგი გაბრიელაშვილი. საქმეს იხილავდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თეა ძამისტარაშვილი, ირაკლი შენგელია და ქეთევან დუგლაძე.
სააპელაციო განხილვა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, 21 ივნისს, 10:00 საათზე მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.