კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მის 150 მილიონ ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
სააპელაციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმების თაობაზე გუშინ ორი სხდომა გაიმართა. სადაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება 150 მილიონ ლარამდე ჯარიმის დაკისრების შესახებ გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლო ბოლო ინსტანციაა, რის შემდეგაც 7 დღის ვადაში ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე აღსრულებას გადაეცემა. აღსრულებათა შესახებ კანონის თანახმად, კი ივანიშვილის წინააღმდეგ ყადაღის გადაწყვეტილება იქნება გამოყენებული.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე ერთ შემთხვევაში 22 მლნ 429 ათას 941 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში 126 მლნ 220 ათას 190 ლარით დააჯარიმა.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, საქმე ამომრჩევლებისთვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს ეხება.