ბიძინა ივანიშვილი:  ამერიკის მოქალაქის უსაფუძვლოდ დაკავება ხელისუფლების აგონიას აჩვენებს

ბიძინა ივანიშვილი: ამერიკის მოქალაქის უსაფუძვლოდ დაკავება ხელისუფლების აგონიას აჩვენებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ხულოს რაიონის სოფელს სხლათის მოსახლეობასთან შეხვედრისას თბილისის აეროპორტში „გლობალ ტვ“-ის ამერიკელი მეწილის ალექსანდრე რონჟესის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარის გამო განიცდის.

ივანიშვილის განცხადებით, ამერიკელებისთვის ბოდიშის მოხდა მოგვიწევს, თუ როგორ ვექცევით მათ მოქალაქეებს და ინვესტიციებს.

მისი თქმით, ამერიკელი მოქალაქეების უსაფუძვლოდ დაკავება  ხელისუფლების აგონიურ მდგომარეობას აჩვენებს.

„ეს არის აგონია და შოკში არიან, როცა ამერიკელი მოქალაქეების დაკავება დაიწყეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ამავდროულად ეს არის კარგი, რადგან აჩვენეს საკუთარი სახე, რომ არიან მოძალადეები და არავის არ უწევენ ანგარიშს. ბოდიში გაგვიხდება მოსახდელი ამერიკელებისთვის, ძალიან უხერხულია ის, რაც მოხდა, ძალიან განვიცდი. რაც ჩვენი მონაპოვარია და ძალიან კარგია, არის ის, რომ ყველაზე დიდი და ძლიერ სახელმწიფოს აქვს ჩვენთან მეგობრული დამოკიდებულება და ამ ურთიერთობას გაფრთხილება უნდა. ვერ მოასწრებენ ამ ურთიერთობის გაფუჭებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.