ბაღათურია სააკაშვილს ალ კაპონეს ადარებს

ბაღათურია სააკაშვილს ალ კაპონეს ადარებს

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიხეილ სააკაშვილს  ალ კაპონეს ადარებს. აღნიშნული შეფასება ბაღათურიამ იმ კვლევის კომენტირებისას გააკეთა რომლის მიხედვითაც, საქართველო-აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში განსხვავებებია.

კვლევის თანახმად,  საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი "ჩრდილში" ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს.

ბაღათურიას თქმით, ეს ელიტური კორუფციის და იმის დადასტურებაა, რომ ქვეყნაში ე.წ ბიზნესის სათავეში მიხეილ სააკაშვილია და მას ისე მართავს, როგორც ალ კაპონე მართავდა თავის დროზე.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ დღეს მებაჟე 100 დოლარიანი ქრთამს ვეღარ იღებს – მას კორუფციაში მონაწილეობა აეკრძალა და ეს უფლება მხოლოდ ელიტარულ ჯგუფს დარჩა.

"დღეს ბიზნესი აღარ არსებობს. ყველა ბიზნესის მეპატრონე მიხეილ სააკაშვილია. მისი ყოფილი მეპატრონეები კი ჩატოვებულები არიან ბიზნესის მენეჯერებად – ზოგი მოჭრილ ხელფასზე მუშაობს, ზოგი კი პროცენტზე" – განაცხადა ბაღათურიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას ამ კვლევაზე და მონაცემებზე, ბაღათურიას განცხადებით, წესიერი მთავრობის მექანიკური რეაგირება ამ საკითხით მყისიერი დაინტერესება იქნებოდა.

"წარმოიდგინეთ რა ამბავი ატყდებოდა ეს ბიზნესი ისევ სახელისუფლო ელიტის რომ არ იყოს. ბოლოს და ბოლოს 1 მილიარდი აქვთ ამოსაღები" -  განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ ადრე თუ ჯინსებიანი ქურდები იყვნენ ქვეყანაში, ახლა ისინი "ჰალსტუხიანმა და პაგონიანებმა" ჩაანაცვლეს.

კვლევის თანახმად, 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში, აშშ-ის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%; 2005 წელს – 57,5%; 2006 წელს – 49%; 2007 წელს – 38,8%; 2008 წელს – 42%; 2009 წელს – 38%; 2010 წელს – 27,2%; 2011 წელს – 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში - 46,5%.