მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს არანაირი ვერსია არ გააჩნიათ

მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს არანაირი ვერსია არ გააჩნიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებაზე ოჯახის წევრებს არანაირი ვერსია არ გააჩნიათ. მამუკა ჯიბლაძის დედის, მადლენა კომახიძის განაცხადადებით, მამუკა ჯიბლაძე სახლიდან 11 ივნისს 14 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე დასასწრებად გავიდა. შემდეგ კი მას სამსახურეობრივი სხვა შეხვედრაც ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა როგორც ირკვევა, არც ერთ ადგილზე მამუკა ჯიბლაძე არ მისულა.

„ჩემთვის ცნობილია სადაც უნდა მისულიყო - ჯერ უნივერსიტეტში და შემდეგ სემინარზე, არ მივიდა. მეტი ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი და არ მაქვს სხვა არანაირი ვერსია“, - განაცხადა მადლენა კომახიძემ.

მისივე ცნობით, 52 წლის მათემატიკოსს საზღვარგარეთაც კარგად იცნობდნენ. იგი მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (CAT) ალგორითმის ავტორია. 

მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არც გამოცდების ეროვნულ ცენტრში გააჩნიათ. მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს, ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს უნდა შეხვედროდა. 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს რომ ამასთან დაკავშირებით უწყებას დაკარგულის ნათსავებმა მიმართეს.

მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტზე საუბრობენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლებიც. მათი განცხადებით, ჯიბლაძე რამდენიმე დღეა, არ უნახავთ და ვერც მის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს. 

ოჯახის წევრებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. მამუკა ჯიბლაძის ბინაზე იმყოფებოდა გამომძიებელიც და მიმდინარეობს საქმის გამოძიება.