ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სოფელ დირბის 8 უბანში და დედათა მონასტრის ტერიტორიაზე უკვე შეიცვალა ამორტიზირებული მილები 1 406მ სიგრძეზე ახალი პოლიეთილენის მილებით. დამონტაჟდა ასევე 29 საუბნო ონკანი.
პროექტი USAID-სა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი USAID-მა 17 300 ლარით დააფინანსა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კი 7 200 ლარი გამოიყო. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,გიო” ახორციელებს და სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
სოფელ დირბში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების პრობლემა კარგა ხანია იდგა. გასულ წლებში გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით მოხერხდა სათავე ნაგებობასთან არსებული 500 ტონიანი რეზერვუარისა და მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია. სახელმწიფო დაფინანსებით კი სოფლის ცენტრალურ ქუჩებზე მოეწყო 6 კმ-იანი შიდა ქსელი.
წელს ,,სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია სოფელში სასმელი წყლის სისტემის დარჩენილი 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაც. აღნიშნული სარებილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დირბში მცხოვრები 1260 კომლი შეუფერხებლად ისარგებლებს სასმელი წყლით.