ლაზიკას მშენებლობის თანხები კვლავ გაურკვეველია

ლაზიკას მშენებლობის თანხები კვლავ გაურკვეველია

"ქართული დასის" ლიდერს ჯონდი ბაღათურიას აინტერესებს რა დაჯდება ლაზიკას მშენებლობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  ბაღათურიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძეს შეკითხვით მიმართა და ლაზიკის მშენებლობის თანხებით დაინტერესდა.  კომიტეტი ლაზიკის სტატუთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავდა.

"სავარაუდოდ, რა თანხა უნდა დაიხარჯოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წელს ლაზიკის მშენებლობის დასაფინანსებლად? ასევე მაინტერსებს, რა თანხაა გამოყოფილი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობისათვის? თუ შეგიძლიათ, მიუთითოთ ბიუჯეტის მუხლი თუ რა ჯდება ეს ფანტაზიები?" – მიმართა  ჯონდი ბაღათურიამ დიმიტრი ძაგნიძეს.

ძაგნიძემ აღნიშნა, რომ ლაზიკის მშენებლობის პროექტს მხოლოდ სახელმწიფო არ დააფინანსებს და მასში კერძო ინვესტორებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ბაღათურიას თქმით, დიმიტრი ძაგნიძე კვალიფიციური კადრია და უნდა იცოდეს თუ რა თანხაა გამოყოფილი იუსტიციის სახლის ასაშენებლად.

"როგორც არ უნდა მოიკატუნოთ თავი, ვერ დამარწმუნებთ, რომ ჩემი შეკითხვიდან რამე ვერ გაიგეთ. მინისტრის მოადგილე ბრძანდებით, ლაზიკის სტატუსზე პროექტი გამოგაქვთ და არ იცით, რა ჯდება მისი მშენებლობა და როდის ჩატარდა ტენდერი", – მიმართა ბაღათურიამ ძაგნიძეს.

ლაზიკას მშენებლობის კონკრეტულ თანხებს ვერ ასახელებს ვერც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებით, ლაზიკას საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებული სტატუსი ექნება, რომელიც ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს.