საქველმოქმედო აუქციონზე ლეს პოლის გიტარა 200 ათას დოლარად გაიყიდა(VIDEO)

საქველმოქმედო აუქციონზე ლეს პოლის გიტარა 200 ათას დოლარად გაიყიდა(VIDEO)

ელექტრონული გიტარის შემქმნელის, ლეს პოლის პირადი ნივთებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით შემოსულმა თანხამ,  Julien's-ის საქველმოქმედო აუქციონზე, 5 მილიონი დოლარი შეადგინა.

აუქციონზე გამოფენილი გიტარებიდან, ღირებულებით რეკორდი მოხსნა Fender Nocaster-ის მიერ, 1951 წლის გამოშვებულმა გიტარამ, რომლის საწყისი ღირებულება 60 ათასი დოლარი იყო და საბოლოოდ 216 ათას დოლარად გაიყიდა. პოლს გიტარა კომპანია Fender Nocaster-ის წარმომადგენელმა ლეო ფენდერმა თავად აჩუქა. ცნობილი მოდელის გიტარა Gibson Les Paul 188 ათას დოლარად გაიყიდა, ხოლო 1940 წელს გამოშვებული Epiphone Zephyr კი 144 ათას დოლარად.

აუქციონიდან შემოსული მთლიანი თანხა Les Paul Fondation-ის საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.

ლეგენდარული გიტარისტი, გამომგონებელი და ინოვატორი ლეს პოლი  2009 წლის 12 აგვისტოს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.  სიკვდილის მიზეზი სიბერესთან ერთად, მწვავე პნევმონია  გახდა.

ლეს პოლი იყო, როგორც მუსიკოსი, ასევე გამომგონებელი. 50-იანი წლების ისეთი ცნობილი ჰიტების ავტორი, როგორებიცაა - How High the Moon, The World Is Waiting for the Sunrise  და Vaya Con Dios.  ჟურნალმა Rolling Stone  მუსიკოსი ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტებს შორის მოიხსენია. პოლის მუსიკალურ მოღვაწეობაზე არანაკლებ წარმატებული იყო მისი მეცნიერული მოღვაწეობა, მუსიკალური ტექნოლოგიის განვითარების მხრივ. მას ეკუთვნის ცნობილი ინსტრუმენტი Les Paul Recording Guitar რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ფენდერის გიტარას და გარკვეულ კომპონენტებში სჯაბნიდა კიდეც მას. ლეს პოლის გიტარებს ამჟამად კომპანია Gibson Guitars უშვებს.

მუსიკოსს, ბევრი სხვა ისეთი ელექტრონული ხელსაწყოს გამოგონება ეკუთვნის, რომლის გარეშეც თანამედროვე ხმის ჩამწერი სტუდია წარმოუდგენელია. ყველა ამ დამსახურებების გამო ლეს პოლი შეიყვანეს სიაში National Inventors Hall of Fame, სადაც მან თავისი კუთვნილი ადგილი, ისეთ მეცნიერებს შორის დაიკავა, როგორიცაა თომას ედისონი და  ნიკოლა ტესლა.