ბაღათურია: „ამნისტიის შესახებ“  კანონპროექტში რამდენიმე მუხლს სიამოვნებით შევიტანდი, მაგრამ ჩასაფრებული ხელისუფლებაა გასათვალისწინებელი

ბაღათურია: „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში რამდენიმე მუხლს სიამოვნებით შევიტანდი, მაგრამ ჩასაფრებული ხელისუფლებაა გასათვალისწინებელი

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით,   მის მიერ მომზადებული  „ამნისტიის შესახებ“  კანონპროექტზე საქართველოში ყველა წარმატებული და კარგი იურისტი, როგორც ადვოკატთა ასოციაციიდან ასევე სამოქალაქო სექტორიდან მუშაობდა და ყველას ფილტრი გაიარა. 

ბაღათურიას თქმით, მუხლების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი - არაძალადობრივი მუხლები იყო,  რომლებიც დამნაშავეებს, მძიმე დანაშაულის ჩამდენებს არ გაათავისუფლებდა და ამით ქვეყანაში კრიმინოგენურ სიტუაციას არ დაძაბავდა. ბაღათურია ასევე  ყურადღებას პატიმრების დიდი რაოდენობის გათავისუფლებაზე ამახვილებს.

„ჩვენი ამოცანა მაქსიმალურად ბევრი პატიმრის  გათავისუფლება და ბევრ ოჯახში  სიხარულის შეტანაა, რომ შვილებს მამები დავუბრუნოთ და  მშობლებს შვილები. ამიტომ, ჩვენ ზუსტად, ამ ორი პრინციპიდან გამომდინარე, ძალიან დიდი სიფრთხილით, ოქროს შუალედი შევარჩიეთ. მეორე საკომიტეტო მოსმენას  არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ და  ეს კანონპროექტი მათ  ჰუმანურ და სრულიად უსაფრთხო აქტად შეაფასეს“, - განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურიას განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ 273–ე მუხლით მსჯავრდებული პირები, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას შეეხება, ასევე 260–ე მუხლის პირველი ნაწილით( ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, დამზადება ) გასამართლებული ადამიანები. ხოლო 260–ე მუხლის მეორე ნაწილით გასამართლებულებს კი, სასჯელი უნდა გაუნახევრდეთ.

ბაღათურიას განცხადებით, მას  ძალიან  ბევრი მოქალაქე უკავშირდებოდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით. საზოგადოების მოთხოვნა იყო, ამნისტია საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთასაც შეხებოდა.  დეპუტატის თქმით,   „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში  საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული მუხლი აუცილებლად შევა.

„რაც შეეხება, 273–ე მუხლით მსჯავრდებული პირები, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას შეეხება, ესენი რეალურად ავადმყოფები არიან.  ნარკო დამოკიდებულება ავადმყოფობაა და არა დანაშაული. მითუმეტეს,  ესენი სრულიად განკურნებულები არიან და სრულიად სამართლიანი და ლოგიკურია მათი გათავისუფლება.

 მოქალაქეების მოთხოვნით, კანონპროექტში შევა 334-ე მუხლი - საზღვრის გადაკვეთაც. ეს  პლენარული სხდომის დროს დაემატება. ამაზე  დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ამ მუხლის დაყენება გადავწყვიტეთ“, - განაცხდა ბაღათურიამ.

რაც შეეხება,  სამოხელეო დანაშაულს ბაღათურიას თმით, სამოხელეო დანაშაულის შეტანის შემთხვევაში,  ძალიან ბევრ ჩინოვნიკს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდებათ.

„დღევანდელმა თანამდებობის პირებმა ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შემდგომში ისინი პასუხიმგებლობისგან გათავისუფლებულნი იქნებიან. ჩვენ რომ ახლა სამოხელეო დანაშაულებები მივიღოთ, გამოდის რომ ეს კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენგან   ინდულიგენციას მიიღებენ“, - განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურიას თქმით, „ამნისტიის შესახებ“  კანონპროექტში კიდევ რამდენიმე მუხლს სიამოვნებით შეიტანდა, მაგრამ ჩასაფრებული ხელისუფლებაა გასათვალისწინებელი.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩასაფრებული ოპონენტები გვყავს კუბლაშვილის და თაქთაქიშვილის მსავსი,  რომლებსაც ერთი სული აქვთ, რაიმე ისეთი მუხლი აღმოაჩინონ, რომელზედაც დიდი განგაშს ატეხენ“, - განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურიას განცხადებით, ის, რომ მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს უმრავლესობის წარმომადგენლებმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და პალიკო კუბლაშვილმა მხარი არ დაუჭირა  არ ნიშნავს, რომ  პარლამენტი არ დაუჭერს მხარს.

ბაღათურია იმედს გამოთქვამს, რომ როგორც  „შეკრებითობის პრინციპის“ გაუქმების შესახებ   კანონის დროს მოხდა, (111 დეპუტატიდან  მხოლოდ 33 მისცა წინააღმდეგი დანარჩენი მომხრე იყო,) ასეთი დადებითი ტენდენცია, დადებითი დინამიკა, გაბედული და პასუხიმგებლიანი პარლამენტის წევრების აღმოჩენა პარლამენტში გაგრძელდება და ამ პროექტს თაქთაქიშვილისა და კუბლაშვილის უპასუხიმგებლო დამოკიდებულების მიუხედავად, მხარს დაუჭერენ.