ბიძინა ივანიშვილი: ქვეყანა, სადაც პოლიტიკა ერთი, საღ აზრს მოკლებული, კაცის ხელშია, ვერ   განვითარდება

ბიძინა ივანიშვილი: ქვეყანა, სადაც პოლიტიკა ერთი, საღ აზრს მოკლებული, კაცის ხელშია, ვერ განვითარდება

„ყოველთვის ვცდილობდი, რამდენადაც შემეძლო, დავხმარებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს. მაგრამ დავრწმუნდი, რომ, რაც არ უნდა ბევრი ფული გქონდეს, რამდენ ადამიანსაც არ უნდა გაუმართო ხელი, ასობით ისტორიული შენობაც რომ აღადგინო და შეაკეთო, ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობას საგრძნობლად მაინც ვერ შეცვლი“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა  ქუთაისში „ქართული ოცნების“  აქციაზე.

მისი თქმით, ის ყოველთვის ფიქრობდა , რომ ქვეყნისა და ადამიანის კეთილდღეობისთვის ყველაზე მთავარი ეკონომიკა და ბიზნესი იყო.

„ ბოლო დროის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა ერთი, საღ აზრს მოკლებული, კაცის ხელშია, ვერც ეკონომიკა და ბიზნესი  განვითარდება და ვერც ქვეყანა შეიცვლება უკეთესობისკენ.

სწორედ ამან გადამაწყვეტინა პოლიტიკაში წასვლა.

ჩვენ მიგვაჩვიეს იმ აზრს, რომ პოლიტიკა თითქოს ბინძური საქმეა, რომ პოლიტიკა უპრინციპო გარიგების ასპარეზია. უნდა ითქვას, რომ ამ აზრის დამკვიდრებაში თავად პოლიტიკოსებსაც დიდი წვლილი მიუძღვით.

მაგრამ, მჯერა, რომ არსებობს პრინციპული პოლიტიკა, ღირსეული პოლიტიკა, გააზრებული, პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც წესიერი ადამიანები ქმნიან. და ჩვენ დავამკვიდრებთ ასეთ პოლიტიკას. ჩვენ ამას შევძლებთ!                                      

მე ამის მჯერა და ამიტომაც მოვედი პოლიტიკაში. პირადად მე, სწორედ პოლიტიკამ მომცა დღეს თქვენთვის გულის გადაშლის საშუალება, და ამიტომ ამ დღის მადლიერი ვარ! პოლიტიკა რომ არა, ალბათ, ვერასოდეს გავბედავდი ამდენი ხალხის წინაშე გამოსვლას, და იმის თქმას, რომ უზომოდ მიყვარს ჩემი ხალხი, ჩვენი სამშობლო“,- მიმართა ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილებს.