ცესკოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მორიგი მრგვალი მაგიდა გაიმართა

ცესკოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მორიგი მრგვალი მაგიდა გაიმართა

დღეს, „ქორთიარდ მარიოტში“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მორიგი მრგვალი მაგიდა გაიმართა.

მეექვსე შეხვედრის თემა მონაწილე მხარეების მიერ განისაზღვრა და იგი „პლაკატების გავრცელების რეგულაციები წინასაარჩევნო პერიოდში“ დაეთმო.

 ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, მხარეები დღეს, იმ რეკომენდაციების განხილვას აგრძელებენ, რომლებიც ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სააგიტაციო მასალების განთავსებას უკავშირდება.

 მისი თქმით, წინასაარჩევნოდ სააგიტაციო მასალებისთვის ბილბორდების მომზადება და სათანადო ადგილების გამოყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაც არის.

 „პროცესი, რომელიც ჩვენსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციებისა და ერთობლივი შეთანხმებების ფონზე მიმდინარეობს, ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და არჩევნებისადმი ამომრჩეველთა ნდობის განმტკიცებას“, - აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.

 მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიებზე განთავსების რეგულაციები წინა არჩევნების დროსაც იყო შემუშავებული, მაგრამ მათ დაცვას ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა და პროცესი ნაკლებად იყო ორგანიზებული.