პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატაში შექმნილი პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სამართალდარღვევის სუბიექტად ცნობა აბსურდია.
კბილაშვილის განცხადებით, კოალიციის სუბიექტების მხრიდან მომსახურეობები, რაც „ბურჯის“, „ელიტა ბურჯის“ და „გლობალ კონსალტინგ გრუპისგან“ ხორციელდება საბაზრო ფასით, ლეგალური, ბუღალტრული აღრიცხვით, დაბეგრილი და შესაბამისად, გადახდილია.
„ამიტომაც ობიექტურად ამის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, 27 მაისის დიდი ტალღის ერთგვარი ბუნებრივი დაშვების შემდეგ, ამ ფონზე ცდილობენ პატარა ბწკენა კიდევ ერთხელ მოხდეს და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დააჯარიმონ. აქ მცდელობაა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან, რაღაც თანხის ნაწილი ამოღებული იყოს“, - განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესში პროცედურა შემდეგია, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, წარადგენს მტკიცებულებებს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, „მაგრამ რასაკვირველია, სასამართლოს არ აქვს საშუალება ეს გაიაზროს და ივანიშვილს თანხის გადახდას დააკისრებს. სასამართლო არ მუშაობს და რეალურად, რასაც კონტროლის პალატა იტყვის ისე განხორციელდება“, - განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილის თქმით, ამით ხელისუფლება აღმამავალი სახალხო მოძრაობის შეჩერებას ცდილობს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს წარუმატებელი მცდელობაა.
„ვნახოთ ოქტომბრამდე რამდენს მოასწრებენ. როგორც ჩანს, ახლა მათი ამოცანა ამაში მდგომარეობს. ვნახოთ, აგერ თქვენ, აგერ ჩვენ და აგერ ოქტომბრისკენ სავალი დრო“, - განაცხადა კბილაშვილმა.