საქართველოში დაბადებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებით მიიღებენ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საარჩევნო კოდექსში“ შედის. დღეს, პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ამ ცვლილებების ინიცირება მოხდა.
კანონპროექტით, „საარჩევნო კოდექსი“ გასულ კვირას ძალაში შესულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მოდის შესაბამისობაში, რომლითაც „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით დგინდება, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ნაცვლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები არჩევნებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პასპორტებს გამოიყენებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებებით კი, რომელიც უკვე ძალაშია შესული – 2014 წლის პირველ იანვრამდე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებს მოქალაქეობა.