ბიძინა ივანიშვილი მეორე არხის ეთერში ქუთაისში 10 ივნისთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს

ბიძინა ივანიშვილი მეორე არხის ეთერში ქუთაისში 10 ივნისთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დღეს, მეორე არხის ეთერში, გიორგი უძილაურთან ინტერვიუში ქუთაისში 10 ივნისს, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ანონსიდან გახდა ცნობილი, ინტერვიუში კოალიციის ლიდერი დეტალურად ისაუბრებს კონკრეტულად რა გზავნილს ჩაიტანს 10 ივნისს, იმერეთში და როგორ ხედავს იგი რეგიონის განვითარების გეგმას.

„ქუთაისს ვერ ეყოფა ერთი შენობა და მას ვერ ააღორძინებს ერთი პარლამენტი, მთელს საქართველოს და მათ შორის ქუთაისს სჭირდება კომპლექსური მიდგომა.  ისეთი პიარ-კამპანიები, რომლითაც ხელისუფლება ერთ შენობას იქ მიაწებებს და ერთ შენობას იქ გაღებავს, ქვეყანას ვერ უშველის. მსგავსი პიარ კამპანიებით და სიცრუის მანქანით ხალხი ვერ გამოვა გაჭირვებიდან“, - აღნიშნა  ივანიშვილმა.

მისი თქმით, კოალიციას  კარგად გაწერილი გეგმა აქვს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღორძინდეს ქუთაისი და საერთოდ იმერეთი. მისი პროგნოზით, „ქართული ოცნება“  ქუთაისში იმაზე არანაკლებ მუხტს ჩაიტანს, როგორიც თბილისში მიიტანა.

„ჩვენ ერთად ვართ და ერთად დგომა თითოეული ჩვენთაგინისთვის დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ვისაც რეალობა აქვს დაკარგული და ჰგონიათ რომ ქართველებს არ შეუძლიათ გაერთიანება ვაჩვენებთ, რომ არ ვართ მარტო“, - დასძინა ივანიშვილმა.

გიორგი უძილაურთან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ მეორე არხის ეთერში დღეს, 22:00 საათზე დაიწყება.