ვახტანგ ყოლბაია:  კლინტონთან შეხვედრაზე, რომ ვყოფილიყავით დისკომპორტი შეიქმნებოდა, რადგან  ჩვენი მხრიდან  სერიოზული შეკითხვები დაისმებოდა

ვახტანგ ყოლბაია: კლინტონთან შეხვედრაზე, რომ ვყოფილიყავით დისკომპორტი შეიქმნებოდა, რადგან ჩვენი მხრიდან სერიოზული შეკითხვები დაისმებოდა

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ყოლბაია  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ მისი მთავარი გზავნილი არჩევნების გამჭირვალედ და სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული არ იქნება.

„ზოგადად,  ამ დონის სტუმრის ვიზიტი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ არამგონია მისი განცხადებებით ხალხისთვის და არჩევნებისთვის რაიმე შეიცვალოს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არჩევნების ნორმალურ პირობებში ჩატარება იყო, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული  ვარ, რომ სახელმწიფო მინისტრის განცხადებები გათვალისწინებული არ იქნება, რადგან ის არჩევნები რომ ჩაატარონ, რასაც  ნორმალური და გამჭირვალე არჩევნები ჰქვია, ხელისუფლებას არ აწყობს“, - განაცხადა ყოლბაიამ.

შეკითხვის პასუხად, თუ რას ფიქრობენ, რატომ ვერ მოხვდა „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შესახვედრად ოპოზიციური პარტიების რიგებში, ყოლბაიას მიაჩნია, რომ შეხვედრის ორგანიზატორები სერიოზული შეკითხვების გაჟღერებას მოერიდნენ.

„დისკომფორტი შეიქმნებოდა იმის გამო, რომ ჩვენი მხრიდან საკმაოდ სერიოზული შეკითხვები დაისმებოდა. როგორც ჩანს, ორგანიზატორებს ასეთი შეკითხვების გაჟღერება არ სურდათ და სურდათ ქალბატონი კლინტონისათვის მეტ-ნაკლები კომფორტული სიტუაცია შეექმნათ. მიმაჩნია, რომ  სახელმწიფო მინისტრისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ამ შეხვედრაზე  ოპოზიციის მთელი სპექტრი ყოფილიყო წარმოდგენილი, რადგან უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეიქმნებოდა, როგორც  ხელისუფლებაზე მთლიანობაში ისე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. არამგონია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილთან შეხვედრა მომგებიანი  იყოს“, - განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებები ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს ასახავდა, თუმცა მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეს ცოტა სხვანაირად იქნებოდა გაჟღერებული.