სოზარ სუბარი: ქუთაისის მერიის უარი და  ალტერნატიული ადგილის შეთავაზება მარაზმია

სოზარ სუბარი: ქუთაისის მერიის უარი და ალტერნატიული ადგილის შეთავაზება მარაზმია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისში, ცენტრალური მოედანზე მანიფესტაციის გამართვასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის უარს და ალტერნატიული ადგილის შეთავაზებას მარაზმად აფასებს.
სუბარის განცხადებით, ქუთაისის მერიის არგუმენტები ძალიან სასაცილო და უკანონოა.
„როცა ორი საჯარო სუბიექტი მანიფესტაციის გაკეთებას აპირებს უპირატესობა აქვს იმას, რომელიც პირველი შეიტანს განაცხადს. ამ შემთხვევაში, პირველი განაცხადი „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა და შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთელი თვე, თურმე რაღაც ღონისძიებების ჩატარებას აპირებენ. ეს არარეალური და უკანონოა. მათ შეეძლოთ ჩაეტარებინათ ეს ღონისძიებები ნებისმეირ დროს, ოღონდ არა შვიდ ივნისს“, - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ღონისძიებათა ნუსხის გადახედვისას ყველა ნახავს, რომ ეს თითიდან გამოწოვილი მოგონილი ღონისძებებია, რომელსაც ამხელა მოედნის დაკავება ნამდვილად არ სჭირდება. სუბარის მტკიცებით, ისინი ამ ერთი თვის განმავლობაში ხალხის მობილიზაციასაც ვერ მოახდენენ და ამხელა მოედანი 30 კაცს არ უნდა დაეთმოს.
„კი ბატონო, მათ აქვთ უფლება ჩაატარონ „ჯეოსტარი“ და სხვა ღონისძიებებიც. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივალთ, დავესწრებით ამ ღონისძიებებს და ვთქვათ, „ჯეოსტარი“ ნათქვამია, რომ 20:00 საათზე დასრულდება, ჩვენ მის შემდეგ გავაგრძელებთ. ჩვენი მანიფესტაციის ჩატარებისთვის ერთი საათი აბსოლუტურად საკმარისია“, - განაცხადა სუბარმა.
სუბარი მიიჩნევს, რომ ეს დრო გვიანი არაა, პირიქით გრილა, საღამოა და უკეთესია.
„მზად ვართ, ღონისძიება 20:00 დან 21:00 საათამდე ჩავატაროთ. ჩვენ მათ ქართული მოსახლეობის არჩევანს და ჩვენს მხარდამჭერთა სიმრავლეს ვაჩვენებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ არც ამაზე დაგვთანხმდებიან. მათ არაფერი არ აქვთ მოფიქრებული, ახლა ფიქრობენ რა უნდა გააკეთონ და რა ღონისძიებები გაწერონ მთელი თვის განმავლობაში“, - განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება, ალტერნატიულ ადგილს სუბარის თქმით, ამ ადგილზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვერ დაეტევიან.
„ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ღონისძიებას ქუთაისში, მოვა ძალიან ბევრი ადამიანი და ჩავატარებთ ისე, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობას და ხელისუფლებაზე ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ყველა დაინახავს“, - განაცხადა სუბარმა.