თეა წულუკიანი: დიპლომატიურმა კორპუსმა განსაკუთრებული ინტერესი ფინანსურ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოხატეს

თეა წულუკიანი: დიპლომატიურმა კორპუსმა განსაკუთრებული ინტერესი ფინანსურ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოხატეს

„ქართულმა ოცნებამ“ „მენეჯმენტ სერვისთან“ ერთად დღეს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა. პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრისა და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის თეა წულუკიანის განაცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა ის 5 მილიონიანი ჯარიმა იყო, რომელიც მენეჯმენტ სერვისს სამი პოლიტიკური პარტიისთვის მიქირავებული 22 ოფისის, თითქოს საკუთარი ხარჯებით გარემონტებისთვის დაეკისრათ. მისი თქმით, შეხვედრაზე მათ მიერ დეტალურად იყო წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაცია და ახსნილი იყო, თუ  რატომ აღმოჩნდა ეს ჯარიმები უკანონო ან რატომ არის ნათია მოგელაძის მიერ შემუშავებული დადგენილება აბსოლუტურად დაუსაბუთებული.

„ჩვენ მათ თითოეულ ოფისთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, ავუხსენით რომ  „მენეჯმენტ სერვისს“ აღნიშნული ფართები  საკუთარი ხარჯებით არ გაურემონტებია და არც შემოწირულობები გაუკეთებია პარტიებისთვის. პირიქით, პარტიები მარტის თვიდან მოყოლებული სარემონტო ხარჯებსაც უხდიან „მენეჯმენტ სერვისს“, იჯარასაც, მოგებას 10% -საც. ეს თანხები კი კანონის დაცვით ერიცხება მათ“ - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ამის დამამტკიცებელი ყველანაირი დოკუმენტაცია მათ სახეზე აქვთ, ხოლო კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია რეალური ფაქტებს აბოსულუტურად ეწინააღმდეგება.

წულუკიანმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხების მიმართ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს და მოითხოვეს მათთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიგვეწოდებინა.

„განსაკუთრებული დაინტერესება ფინანსურ დოკუმენტაციის მიმართ გაჩნდა. გარდა ამისა, წამყვანი დასავლური ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლებმა დღევანდელ პრეზენტაციაზე წერილობითი და ფოტომასალის სახით დამატებითი ინფორმაციის გადაგზავნაც მოითხოვეს. სხვა მხრივ ისინი ვერ გადაცილდებიან თავიანთ უფლებამოსილებას და პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებენ“, - აღნიშნა წულუკიანმა.

რაც შეეხება სასამართლოში ამ საკითხის განხილვას, „მენეჯმენტ სერვისი“ აპირებს მის სასამართლოში გასაჩივრებას, და „თუ კი შიდა გასაჩივრების რესურსები უშედეგოდ ამოვწურეთ, შემდეგ ევროპის სასამართლოს მივმართავთ“.

როგორც ცნობილია, კონტროლის პალატამ შპს "მენეჯმენტ სერვისი" 5 მილიონი ლარით დააჯარიმა.