ყველას მოვუწოდებთ, კეთილი ინებონ, წაიკითხონ [„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“] და დაემორჩილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. არჩილ გორდულაძე კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციებს ეხმიანება. დეპუტატი განმარტავს, რომ ამერიკული „ფარას“ მსგავსად ქართული კანონი არ ვრცელდება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე.
„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე „ფარა“ აშშ-ში არ ვრცელდება და საქართველოშიც, ანალოგიურად, არ გავრცელდება. ასევე, კანონით მთელი რიგი გამონაკლისებია განსაზღვრული და ყველას მოვუწოდებთ, კეთილი ინებონ, წაიკითხონ და დაემორჩილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, ე.წ. ამერიკული „ფარას“ ასლი უკვე ამოქმედებულია. კანონი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ეხება როგორც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილს, ისე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ.