ნუგზარ წიკლაური: დავით გარეჯთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანი კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებს

ნუგზარ წიკლაური: დავით გარეჯთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანი კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უდაბნოს მონასტერთან ერთად, ქართული კულტურის უნიკალური ძეგლია და ამასთან დაკავშირებით  ორი აზრი  არ არსებობს.

წიკლაურის განცხადებით, პრობლემა სათავეს  საბჭოთა პერიოდიდან იღებს, როდესაც  საქართველოსა და აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკებს შორის, საზღვრების ადმინისტრაციული გამიჯვნა  მოხდა.

„ეს პრობლემა  აქედან იწყება და შემდეგ უკვე 1994 წელს  მთელმა ძველმა საბჭოთა კავშირმა საფუძვლად სწორედ ის საზღვრები აიღო, რომელიც  საბჭოთა კავშირის დროს იყო. მიუხედავად ამისა,  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შექმნილია დელიმიტაციის კომისია.  ამ კომისიის მუშაობის შედეგად,  საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის 2/3 უკვე გამიჯნულია, მაგრამ არის მონაკვეთები, რომლებზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს საუბარი და მონაკვეთები შეთანხმებული  არაა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს ორი პროცენტი,  უდაბნოს მონასტერი დღესდღეობით  იმ საკითხებს შორის შედის,  რომლებიც საბოლოოდ შეთანხმებული არაა“, - განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურის განცხადებითვე, ქართული მხარის და ქართული დიპლომატიის პოზიცია და თავდაპირველი ამოცანაა ამ მონასტრის ტერიტორიაზე დათვალიერებისთვის  დაუბრკოლებლად იქნეს შეშვებული, როგორც სასულიერო პირები, მომლოცველები,  ნებისმიეირი ტურისტი და მსურველი.

ხოლო ქართული მხარის  საბოლოო ამოცანა აზერბაიჯანელი  კოლეგების დარწმუნებაა, რომ ეს სამონასტრო კომპლექსი ერთიანი კომპლექსია და ის მთლიანად  საქართველოს შემადგენლობაში იყოს.

„არ მივიჩნევ, რომ ეს იოლი მოლაპარაკებებია,  რომელიც დროის ძალიან მოკლე პერიოდში შეიძლება  გადაწყდეს, თუმცა საქართველო და ქართული სახელმწიფო, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს  მიზნად  სწორედ ამას ისახავს“, - განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაური ღრმადაა დარწმუნებული, რომ აზერბაიჯანი ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.

„დარწმუნებული ვარ საქართველო და აზერბაიჯანი, რომლებიც მეზობელი და მეგობარი  ქვეყნები არიან და აზერბაიჯანმა ეს ბევრჯერ ძალიან მძიმე ვითარებაში  დაადასტურა, ნებსიმეირ საკითხთან დაკავშირებით  კომპრომისული და ჩვენთვის დადებითი  გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ“,-განაცხადა წიკლაურმა.