სოსო ცისკარიშვილი: სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობებიდან გამომდინარე ევროპა ხან უფრო აქტიურია, ხან უფრო თავშეკავებულია

სოსო ცისკარიშვილი: სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობებიდან გამომდინარე ევროპა ხან უფრო აქტიურია, ხან უფრო თავშეკავებულია

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  აზერბაიჯანი  იყო და რჩება დასავლეთისთვის სტრატეგიული ინტერესების ქვეყანად , ოღონდ ბრიუსელში პერიოდულად ვერ გაუგიათ საქართველოს დამოკიდებულება როგორც თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციის, ასევე აზერბაიჯანთან მიმართებაშიც.

„არსებობს სპეციალური პროგრამა „შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობისა“ და იქ პრაქტიკულად, შავი ზღვის ყველა ქვეყანა-თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ჩართულია ამ პროექტში. ევროპას ძალიან დიდი ინტერესი გააჩნია კასპიის ზღვის სიმდიდრეების მიმართ. გამომდინარე იქიდან რა ვითარებაა რუსულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში, რა სიმწვავეს იძენს პერიოდულად სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ევროპა ხან უფრო აქტიური ხდება, ხან უფრო თავშეკავებულია. 

უკანასკნელ ხანებში  ვრწმუნდებით, რომ მიუხედავად დაბალი ხარისხის დემოკრატიისა, ევროკავშირის ქვეყნებიდან აზერბაიჯანის მიმართ საჯარო აუგი არ ისმის. „ნაბუქო“ და სხვა ენერგეტიკული მარშრუტები, რომლებიც აზერბაიჯანული ან  შუა აზიური ქვეყნების სიმდიდრის გამტარებელია, დასავლეთი და ცენტრალური ევროპისთვის უპირველესი პრიორიტეტია და ეს არ არის გასაკვირი. რადგან სწორედ ეს გახლავთ იმის ალტერნატივა, რომ ევროპა განთავისუფლდეს რუსეთის მარწუხებისგან. აზერბაჯანი  იყო და რჩება დასავლეთისთვის სტრატეგიული ინტერესების ქვეყანად , ოღონდ ბრიუსელში პერიოდულად ვერ გაუგიათ საქართველოს დამოკიდებულება როგორც თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციის, ასევე აზერბაიჯანთან მიმართებაშიც. ჩვენდა სამწუხაროდ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ნაცვლად აქტიური ნეიტრალიტეტისა, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ  ვატარებდით, მათ შორის არსებული კონფლიქტის გამო, ახლა გადავწყვიტეთ რომ უნდა გატარდეს ე.წ დაბალანსებული პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს რომ ხან ერთია სასიამოვნო ჩვენთვის და  ხან მეორე“,-აცხადებს ცისკარიშვილი.